სულხან ბორძიკაშვილმა და ​თამთა მიქელაძემ პოლიტოლოგ გია აბაშიძის განცხადებას უპასუხეს
სულხან ბორძიკაშვილმა და ​თამთა მიქელაძემ პოლიტოლოგ გია აბაშიძის განცხადებას უპასუხეს

პანკისის ხეობაში მცხოვრები აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი თამთა მიქელაძე პოლიტოლოგ გია აბაშიძის ბრალდებებს პასუხობენ.

„გია აბაშიძე საუბრობს პირადად ჩემზეც, თითქოს ხალხში ინფორმაციას ვავრცელებდი და ვეუბნებოდი, რომ ბავშვები არ გაუჩნდებათ, თუ ჰესი აშენდება. რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა. შეიძლება, ბატონი გია საკუთარ თავს, ასეთი ვითომ დასკვნის დადებით შეურაცხყოფას აყენებს, მაგრამ მე ასეთი საუბრით ჩემს თავსა და ხალხს შეურაცხყოფას არასოდეს არ მივაყენებდი“, – აღნიშნა სულხან ბორძიკაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

თამთა მიქელაძის თქმით კი, საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და რას აკეთებს.

„არ ვფიქრობ, რომ ამ კამპანიას შეიძლება, ასე სერიოზულად ვუპასუხოთ. რასაც ჩვენი ორგანიზაცია აკეთებდა ბოლო წლებში პანკისის ხეობაში, ეს იყო ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევებზე სამართლებრივი დახმარება, ეს არის ჰესების შემთხვევაში სამართლებრივი წარმომადგენლობა ადგილობრივი მაცხოვრებლების. იყო საჯარო შეხვედრები, სადაც ჩვენ სხვადასხვა დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად ჰესების გარემოზე გავლენის საკითხებზე ვმსჯელობდით, ეს შეხვედრები იყო საჯარო“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივ და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეიქმნა ცრუ მოლოდინები, რომ ეს ჰესები მავნეა ჯანმრთელობისთვის, მოხდა მანიპულირებული, თუ ფეიკ ნიუსების გავრცელება. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ქართული მედიასაშუალებებიდან გარკვეული განცხადებებიც იყო, როცა ამბის ეთნიკურ-რელიგიურ ჭრილში გადატანა უნდოდათ.