თამაზ მეჭიაური - ესკალაციის ასაცილებლად სახელმწიფოს მართებს დათმობებიც, მაგრამ ეს უნდა იყოს დემოკრატიის ზღვარზე, მთავრობა არ უნდა გახდეს შანტაჟის მსხვერპლი
ყველას აქვს უფლება, იყოს დაკავებული იმით, რითიც სურს, მაგრამ ამის აფიშირება და ძალადობა არ უნდა ხდებოდეს, – აღნიშნული განცხადება ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ყოფილმა დეპუტატმა, თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა გააკეთა.
ამასთან, მეჭიაურის თქმით, პროცესების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფოს დათმობებიც მართებს, მაგრამ მთავრობა არ უნდა გახდეს შანტაჟის მსხვერპლი.
„მე ვიყავი და ახლაც ვარ წინააღმდეგი ნარკოტიკების და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის. ყველას აქვს უფლება იყოს დაკავებული იმით, რითიც სურს, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს ამის აფიშირება, ძალადობა და ა.შ.
ასევე წინააღმდეგი ვარ იმ ძალადობის, რომელიც საპირისპირო მხარეს შეიძლება განვითარდეს. ამან შეიძლება მიგვიყვანოს ესკალაციამდე, ამიტომ სახელმწიფოს მართებს, რა თქმა უნდა, დათმობებიც, მაგრამ ეს დათმობები უნდა იყოს დემოკრატიის ზღვარზე და არა უფრო იქით. მთავრობა არ უნდა გახდეს შანტაჟის მსხვერპლი“, – განაცხადა მეჭიაურმა.
მისი თქმით, მთავრობა ხშირად მიდის მეტ დათმობაზე იმ მიზნით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ასიამოვნოს და ასე მოხდა ე.წ. კლუბური ნარკოტიკების შემთხვევაში.
„იმისთვის, რომ ასიამოვნონ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხშირად უფრო მეტ დათმობებზე მიდის მთავრობა, თუნდაც ამ კლუბური ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით. ჯობდა, უფრო ადრე რაღაც ზღვარი დაწესებულიყო, რომლის იქითაც არ მოხდებოდა ამის აფიშირება. არ ვიცი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ასე აგრესიულად გამოდიოდნენ დაბოლილი ხალხი, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და მოითხოვდნენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას იმისთვის, რომ მათ აუკრძალეს ამის მოხმარება. სპეცოპერაციებს არ ატარებენ სხვა ქვეყნებში – ამერიკაში ან ევროპაში?“ – განაცხადა მეჭიაურმა.
მისი შეფასებით, სახელმწიფომ თავიდან უნდა აიცილოს ახალი მსხვერპლი და ამის გამო ჩატარდა სპეცოპერაცია.
„ფაქტი, რომ ამდენი მსხვერპლია ამ მოკლე პერიოდში, თუნდაც ეს მსხვერპლი არ არის საკმარისი, რომ რამდენიმე ნარკორეალიზატორის მიმართ ჩატარდეს სპეცოპერაცია, რათა თავიდან ავიცილოთ სხვა მსხვერპლი? თუნდაც რაღაც გადააჭარბეს სპეცოპერაციისას, ცოტა მაინც – შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ თუ ეს ცოტა გადაჭარბება თავიდან აგვაცილებს ახალ მსხვერპლს, მგონია, რომ შეიძლება ეს დაშვებულიც კი იყოს“, – განაცხადა მეჭიაურმა.
მისი თქმით, ნონსენსია ნარკოტიკების გავრცელება ხდებოდეს ქვეყანაში, მაშინ, როცა თამბაქოს მოხმარება იზღუდება.
მეჭიაურის შეფასებით, მთავრობას მეტი სიხისტე მართებს.
„იმ ფონზე, როცა სიგარეტის მოწევა იკრძალება, ხდებოდეს ნარკოტიკების გავრცელება, ეს ნონსენსია. ამიტომ, ცოტა მეტი სიხისტე მართებს მთავრობას, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, სადაც საჭიროა“, – განაცხადა მეჭიაურმა.