თამარ ტალიაშვილი - თემატური მოკვლევის მიზანია სახელმწიფო ძალისხმევის კონცენტრირება, მობილიზება ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად
თემატური მოკვლევის მიზანია სახელმწიფო ძალისხმევის კონცენტრირება, მობილიზება ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ინიციატივა უზრუნველყოფს ახალგაზრდების დასაქმების პრობლემისადმი კომპლექსურ და ფართო მასშტაბურ მიდგომას და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების დასაქმებაზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ზემოქმედებს.
„ფაქტორები სახეზეა ეკონომიკის, განათლების, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის, რეგიონული განვითარების თვალსაზრისით და ასევე, სხვა სფეროებში. თემატური მოკვლევა უზრუნველყოფს ყველა აღნიშნულ სფეროში დარგობრივი უწყებების, სამინისტროების მიზნობრივი პროგრამებისა და პოლიტიკის შეფასებასა და გამოწვევების იდენტიფიცირებას. ჩვენ კონცენტრირებას მოვახდენთ ამ მიზნობრივი პროგრამების კოორდინაციის ეფექტიანობაზე. ამის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება რეკომენდაციების შემუშავება და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ნაბიჯებისა და ღონისძიებების განსაზღვრა.
როგორც ტალიაშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის თემატური მოკვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულება გახდება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ნაწილი.
„როგორც იცით, გაძლიერებული საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმატი უკვე ინიცირებული რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელების საშუალებას გვაძლევს. ახალგაზრდები არიან ქვეყნის მდგრადი განვითარების მამოძრავებელი ძალა და ადამიანური, ინტელექტუალური კაპიტალის მთავარი განახლებადი წყარო. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის თემატური მოკვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულება გახდება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ნაწილი. თემატურ მოკვლევას ვახორციელებთ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან თანამშრომლობით, ასევე გაერო-ს განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით თემატურ მოკვლევას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელიც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, ახალგაზრდების რეალიზება, პროფესიული განვითარება და დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.