პარლამენტი ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით თემატურ მოკვლევას იწყებს
პარლამენტი ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით თემატურ მოკვლევას იწყებს

პარლამენტი ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით თემატურ მოკვლევას იწყებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელიც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, ახალგაზრდების რეალიზება, პროფესიული განვითარება და დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„სამწუხაროდ, ღირსეული დასაქმების და მათ შორის ახალგაზრდათა დასაქმების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ათწლეულების მანძილზე არაერთი სირთულის წინაშე იდგა. უკანასკნელ პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეული გარკვეული პროგრესი კი ახალი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა, ახალგაზრდული დასაქმების პოპულარული სექტორი – ტურიზმის და მომსახურების სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა. შესაბამისად, ახალგაზრდების დასაქმების საკითხი დღეს კიდევ უფრო აქტუალურად დადგა დღის წესრიგში.

როგორც ცნობილია, საქართველოში, ახალგაზრდებში არსებული უმუშევრობის დონეს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: შრომის ბაზარზე მოთხოვნილ და მიწოდებულ პროფესიულ უნარებს შორის არსებული შეუსაბამობა, არაფორმალური განათლების სუსტი პრაქტიკა,

განათლების სისტემისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შეუსაბამობა და ა.შ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ინიციატივით, ჩატარდება თემატური მოკვლევა და მოხდება:

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის, მოთხოვნადი უნარების/პროფესიების შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმის ნაკლოვანებების შეფასება და გაუმჯობესებისთვის ღონისძიებების განსაზღვრა;

ახალგაზრდების დასაქმების და კარიერული განვითარების პროცესში არსებული არაფორმალური და ფორმალური განათლების სისტემის შეფასება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

სტაჟირების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ შესაბამისი ზომებისა და მიდგომების განსაზღვრა;

ახალგაზრდების დასაქმების პროცესში კერძო დასაქმების სერვისების შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება.

აღნიშნულის საფუძველზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის, შევიმუშავებთ რეკომენდაციებს და საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, განვახორციელებთ სახელმწიფო უწყებებისა და სამინისტროების მიერ ამ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული ახალგაზრდული ორგანიზაციებიც.

საბოლოო ჯამში, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ერთი მხრივ, ახალგაზრდებში უმუშევრობის შემცირებას, მეორე მხრივ კი მათ შესაბამის სფეროებში დასაქმებას და პროფესიულ განვითარებას.

რეალიზებული და დასაქმებული ახალგაზრდები, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს და ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.