ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „ახალგაზრდობა და მედია”
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „ახალგაზრდობა და მედია”

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „ახალგაზრდობა და მედია”, რომელიც მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, განავითარონ მედიაგარემო და უზრუნველყონ ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქცია, ციფრული უსაფრთხოება და ა.შ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე თამარ ტალიაშვილს მადლობა გადაუხადეს რეზოლუციის ინიცირებისათვის და მისი მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლების და მედიის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევგენია კრავჩუკმა რეზოლუციის – „ახალგაზრდობა და მედია“ წარდგენისას თავისი გამოსვლა საქართველოს ელჩისადმი მიმართვით დაიწყო და განაცხადა, რომ 2021 წლის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ რეზოლუციაზე – „ახალგაზრდობა და მედია“ მომხსენებლად სწორედ თამარ ტალიაშვილი აირჩია, რომელიც იმ დროს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. მან ხაზი გაუსვა თამარ ტალიაშვილის როლს ზემოაღნიშნული რეზოლუციის შემუშავების პროცესში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა განაცხადა, რომ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს და გამართულ აქტიურ სარეზოლუციო დებატებს მაღალი შეფასება მისცა. დებატების დასასრულს გაიმართა კენჭისყრა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია „ახალგაზრდობა და მედია“ ერთხმად იქნა მიღებული.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.