თამარ სანიკიძე - სააპელაციო პროცედურებით სარგებლობა შავი ზღვის უნივერსიტეტს ჯერ არ დაუწყია
შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და აბიტურიენტებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
სტუდენტების თქმით, ადმინისტრაცია სააპელაციო საბჭოს საკითხის შესასწავლად ოფიციალურად მომავალ კვირაში მიმართავს.
აქციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოეხმაურა.
თამარ სანიკიძის თქმით, სააპელაციო საბჭოს საჩივრის განსახილველად ერთი თვე აქვს, თუმცა საქმის რეზონანსულობის გამო გადაწყვეტილებას შემცირებულ ვადაში მიიღებენ.
სანიკიძის თქმით, 106 აბიტურიენტს, რომლებსაც შავი ზღვის უნივერსიტეტი ჰქონდათ არჩეული, ხვალიდან ეცოდინებათ, თუ რა პროგრამებს სთავაზობენ სხვა უმაღლესი სასწავლებლები.
„სააპელაციო პროცედურებით სარგებლობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ჯერ არ დაუწყია. სააპელაციო საბჭოს აქვს ერთი თვე რომ გადაწყვეტილება მიიღოს. იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი მწვავედ დგას დღის წესრიგში, ვფიქრობთ, ისინი მაქსიმალურ პერიოდს არ მოანდომებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუ სააპელაციო საბჭომ არ მიიღო მათთვის სასურველი გადაწყვეტილებას, შავი ზღვის უნივერსიტეტმა ექვსი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს ავტორიზაციით გათვალისწინებული გასწორებული დოკუმენტები. რაც შეეხება იმ 106 აბიტურიენტს, რომლებმაც შავი ზღვის უნივერსიტეტში მოიპოვეს სწავლის უფლება, მათთვის გამოცხადებულია რიგგარეშე მობილობა. 7 სექტემბერს დასრულდება განაცხადების მიღება და აბიტურიენტებს ექნებათ ინფორმაცია, რომელი უმაღლესი სასწავლებელი რა პროგრამას სთავაზობს აბიტურიენტებს”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.