დაუბრუნდება თუ არა შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება, 8 დეკემბერს გახდება ცნობილი
დაუბრუნდება თუ არა შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება, 8 დეკემბერს გახდება ცნობილი

მოეხსნება თუ არა შავი ზღვის უნივერსიტეტს შეზღუდვა აბიტურიენტების მიღებასთან დაკავშირებით, ეს ცნობილი მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გახდება, როდესაც სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი ხელახლა განიხილება.

ამის შესახებ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. სხდომა 8 დეკემბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

22 ოქტომბერს სახელმწიფოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის საგადასახადო დავა შეწყდა, შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიხმო.

უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნივერსიტეტმა 735 000 ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა.

სარჩელის გახმობისა და საგადასახადო დავის შეწყვეტის შემდეგ, IBSU-ს ქონებას ყადაღა ავტომატურად მოეხსნა. მაშინ უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით სწორედ აღნიშნული ყადაღის გამო შეეზღუდა, ავტორიზაციის საბჭოს ძველი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების არანაირი საფუძველი არ დარჩა.

გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე ავტორიზაციის საბჭომ ხელახლა უნდა განიხილოს, სააპელაციო საბჭომ 15 ნოემბერს მიიღო. საბჭოს წევრების განმარტებით, საქმეში არსებობს გარკვეული ახალი გარემოებები, რომლებზეც აუცილებელია, ავტორიზაციის საბჭომ იმსჯელოს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სააპელაციო საბჭოში ავტორიზაციის საბჭოს მიერ 20 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღება ერთი წლით შეეზღუდა.
ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება სასწავლებლის ბალანსზე არსებული ფინანსური დავალიანების გამო მიიღო.

საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, როდის ჩაირიცხებიან შავი ზღვის უნივერსიტეტში ის პირველკურსელები, რომლებიც ამ ეტაპზე მობილობით სხვადასხვა სასწავლებელში არიან გადანაწილებული, ჯერ უცნობია. სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გამო, მობილობით სხვა უნივერსიტეტებში 800-მდე სტუდენტი გადავიდა.