„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგა
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ ექვსწლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.

ამასთან, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგა.

უნივერსიტეტის რექტორის, ილის ჩილოღლუს განცხადებით, საბჭომ მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, თუმცა ჯერ ისევ განსახილველია უნივერსიტეტისთვის მობილობის უფლების მინიჭების საკითხი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე შეუზღუდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი იდგა და რაც მათი აზრით, სასწავლო პროცესს სერიოზულ რისკებს შეუქმნიდა.

715 000 ლარის დავალიანება, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ 26 აგვისტოს გადაიხადა.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა.

15 ოქტომბერს, სააპელაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და ის ხელახლა განსახილველად დაუბრუნა საბჭოს.