თამარ ხულორდავა გარდაცვლილი მოსწავლეების მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ხორავას ქუჩაზე ჩხუბის შედეგად გარდაცვლილ მოსწავლეების მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ეს არის უმძიმესი შემთხვევა და რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში. შემზარავი ფაქტია და ყველანი შეძრულები ვართ. ორი დღეა ვერ გამოვეხმაურე, იმდენად ვერ ვპოულობ სიტყვებს, იმდენად საზარელი რამ მოხდა. ახლა მთავარია, გამოძიებამ იმუშაოს და გარდა ამისა, აუცილებელია ძალიან კომპლექსურად იმუშაონ ჩვენს განათლების სისტემაში, რომ ასეთი საზარელი ფაქტებისგან ჩვენი შვილები დაცულნი იყვნენ“, -განაცხადა თამარ ხულორდავამ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა.
უწყების ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.