კახა კალაძე - გულდასაწყვეტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად იყენებს სარალიძის ოჯახის მწუხარებასა და ტკივილს
კახა კალაძე - გულდასაწყვეტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად იყენებს სარალიძის ოჯახის მწუხარებასა და ტკივილს

ძალიან ცუდია და ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, რაც მოხდა. გულდასაწყვეტია ისიც, რომ კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები უტიფრად იყენებენ სარალიძის ოჯახის მწუხარებასა და ტკივილს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაცხადა.

„ძალიან ცუდია და ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, რაც მოხდა. გულდასაწყვეტია ისიც, რომ კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები უტიფრად იყენებენ ამ ოჯახის მწუხარებასა და ტკივილს. უნდათ, რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები გამოიყენონ, თუმცა ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ არავითარ შემთხვევაში ამის უფლება და ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, საზოგადოებაში საქმესთან დაკავშირებით თუ არსებობს კითხვები, პროკურატურის მხრიდან ამომწურავი პასუხი გაეცემა აბსოლუტურად ყველა კითხვას.

„რაც შეეხება საქმის გამოძიებას, მიმდინარეობს და საზოგადოებაში თუ არის კითხვები, ყველა კითხვას აბსოლუტურად ამომწურავი პასუხი გაეცემა პროკურატურის მხრიდან. თუ იყო რაღაც გარკვეული პრობლემა კომუნიკაციის თვალსაზრისით, ესეც გამოსწორებადია და აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. უბრალოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არა აქვს უფლება, ისაუბროს ასეთ სენსიტიურ საკითხებზე, რადგან ეს არის იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომლის სახელზეც არის გირგვლიანის მკვლელობა, რობაქიძე და აღარ გავაგრძელებ ახლა, არ მინდა წარსულზე საუბარი. ყველამ ვიცით, წლების განმავლობაში რა ხდებოდა, რა დამოკიდებულება და რა მიდგომები იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.