თამარ ხულორდავა, რომელმაც უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა, ამბობს, რომ ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია.
ხულორდავას თქმით, დღეს სამომავლო გეგმებზე საუბარი გაუჭირდება.
მისი განმარტებით, უმრავლესობიდან წასვლა არ იყო წინასწარ დაგეგმილი, ამიტომ მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდებათ.
„ძალიან რთული დღეა დღეს. ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა ამ სამი წლის განმავლობაში. რამდენიმე დეპუტატმა ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღეთ. ნუ მომთხოვთ დამატებით განცხადებებს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ დრო გვჭირდება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ. ჩვენ არ დაგვიგეგმავს უმრავლესობიდან წასვლა. ეს გადაწყვეტილება იმ შედეგმა გამოიწვია, რომელიც კენჭისყრის დროს დადგა. სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ დრო გვჭირდება“ ,- განაცხადა ხულორდავამ და აქვე დასძინა, რომ არ ფიქრობს, უმრავლესობის დაშლის საფრთხე არსებობდეს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, რის გამოც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა – თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილმა უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.