გიორგი ამილახვარი - უბარიერო პროპორციულ სისტემაზე ოპოზიციასთან შეთანხმება თუ შედგება და პარლამენტში შემოვლენ, ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ
გიორგი ამილახვარი - უბარიერო პროპორციულ სისტემაზე ოპოზიციასთან შეთანხმება თუ შედგება და პარლამენტში შემოვლენ, ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ

უბარიერო პროპორციულ სისტემაზე ოპოზიციასთან შეთანხმება თუ შედგება და პარლამენტში შემოვლენ, ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ამ ცვლილებების განსახორციელებლად 113 ხმა არის საჭირო.

„ჩვენ მიერ გაცხადებულია, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში შესაძლებელია, ბარიერი განხილული იყოს ნულიდან სამ პროცენტამდე. აღნიშნული საკითხის ირგვლივ  ოპოზიციონერ კოლეგებთან შეთანხმება თუ შედგება და ისინი შემოვლენ საქართველოს პარლამენტში, ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამას სჭირდება 113 ხმა, შესაბამისად, საჭიროა ამ კვორუმის მოგროვება, რათა შესაბამისი ცვლილებები მივიღოთ კონსტიტუციაში“, – განაცხადა ამილახვარმა.

ამასთან, მან უპასუხისმგებლო უწოდა ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მხოლოდ ერთჯერადად, აღნიშნული საკითხის განხილვისას შევა პარლამენტში.

„ეს არის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება. ის ფაქტი, რომ მათ მხოლოდ ერთი საკითხის გამო უნდათ პარლამენტში შემოსვლა, სრულიად აბსურდია. კეთილი უნდა ინებონ, აიღონ პასუხისმგებლობა იმ მანდატის ფარგლებში, რაც ქართველმა ხალხმა მათ მიანიჭა, მოვიდნენ პარლამენტში და ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს. სამნიძე განმარტავს, რომ პარტია პარლამენტის ბოიკოტს გააგრძელებს, თუმცა მზად არის, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.