თამარ კორძაია - ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წამსვლელი არ არის, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებების ფარგლებში ვრჩები
თამარ კორძაია - ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წამსვლელი არ არის, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებების ფარგლებში ვრჩები

ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წამსვლელი არ არის, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებების ფარგლებში ვრჩები, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებამ, რომელიც უბარიერო პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებას ეხებოდა, ნათლად აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

„გუშინ გაჟღერებულმა განცხადებამ ნათლად აჩვენა, რომ „ქართული ოცნება” კვლავინდებურად კედელაღმართული დგას, არანაირ კომპრომისზე წამომსვლელი არ არის. ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება. პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს თავისი პოზიცია, რომ ისინი მზად არიან, პარლამენტში შევიდნენ და ხმა მისცენ მხოლოდ ვადამდელი არჩევნების და ამას მოყოლებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების ფარგლებში. ვფიქრობთ, თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან არ ყოფილა.

„კონსულტაციები არ ყოფილა. ეს იყო საჯარო განცხადება. მე ხაზი გავუსვი ერთ რამეს – პოლიტიკური პარტიების თანხმობის შემთხვევაში, მე, თამარ კორძაია ვიქნები მზად. პოლიტიკური პარტიების თანხმობა თუ არ იქნა და ინდივიდუალური პერსონალური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების ფარგლებში დავრჩები მე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი „რესპუბლიკური პარტიის“ აღნიშნულმა ინიციატივამ რაიმე უთანხმოება გამოიწვიოს ბლოკში „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“, კორძაიამ უპასუხა, რომ ამის წინაპირობა არ არსებობს.

„ჩვენმა განცხადებამ კიდევ ერთხელ უფრო მეტად გააშიშვლა „ქართული ოცნება“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს, როგორ უნდა განახორციელოს მან ლეგიტიმური ცვლილებები კონსტიტუციაში, თამარ კორძაიამ უპასუხა, რომ ხმას მხოლოდ იმ ცვლილებებს მისცემს, რაზეც საერთო ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილების ერთგულია.

„მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, დაუღალავად იბრძოდა არჩევნების კანონიერად ჩატარებისათვის. მიაჩნია, რომ ეს არჩევნები არ ჩატარდა კანონიერად და ძალაუფლება მიიტაცა ,,ქართულმა ოცნებამ”. ის პოლიტიკური პარტიები, ვისთან ერთადაც ჩვენ ოპოზიციაში ვთანამშრომლობთ, თუ მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების გამო მივცეთ ხმა ამ ცვლილებებს, მე ამას გავაკეთებ, სხვა შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც ღრმად სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა ხელისუფლება, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ.

ოპოზიციური პარტიების განცხადებების ერთგული ვარ. მე, თამარ კორძაია ვლაპარაკობ, რომ თუ ოპოზიციური პარტიები არ შეთანხმდებიან არაფერზე გარდა იმისა, რასაც ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, მე ვრჩები ამ პოზიციის ერთგულად“, – განაცხადა კორძაიამ.