თამარ გაბუნია - სახელმწიფო დეფიბრილატორის ფასს კლინიკების მიერ წარდგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით გადაიხდის
თამარ გაბუნია - სახელმწიფო დეფიბრილატორის ფასს კლინიკების მიერ წარდგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით გადაიხდის

სახელმწიფო ელექტრული სამედიცინო აპარატის, დეფიბრილატორის ფასს კლინიკების მიერ წარდგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით გადაიხდის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან შეხვედრის დაწყებამდე.

თამარ გაბუნიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სწორედ დეფიბრილატორის ფასს ეხებოდა, ამიტომ მსჯელობის შემდეგ უწყებამ გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო დანახარჯს არა N520-ე დადგენილების შესაბამისად უწყების მიერ დადგენილი ტარიფით, არამედ კლინიკების ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით გადაიხდის.

„ფინანსური ინფორმაცია ძალიან ბევრი კლინიკისგან მივიღეთ. უკვე ძალიან სრულყოფილი მონაცემთა ბაზა გვაქვს და ეს მონაცემები მუშავდება. გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებისა და კორექტირების საკითხი. მინდა, მაგალითისთვის გითხრათ, რომ დეფიბრილატორთან დაკავშირებით, რაზეც დიდი მღელვარება იყო,  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დეფიბრილატორის ფასი ანაზღაურდეს ფაქტიური დანახარჯის მიხედვით“, – ამბობს გაბუნია.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ იმ სპეციალური საბჭოს შემადგენლობაზეც ისაუბრა, რომელიც მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ შეიქმნა.

თამარ გაბუნიას თქმით, 30-წევრიანი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება და მას კლინიკების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები დაესწრებიან. საბჭოს ფორმატში სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე დაწესებულ ტარიფებზე იმსჯელებენ.

„საბჭო იმუშავებს აქტიურად და ყველანაირად ვეცდებით, გადაწყვეტილების მიღებაში დაყოვნებები არ იყოს. სამუშაო პროცესში ჩაერთვება ყველა დაინტერესებული მხარე, ასევე საბჭო იქნება ღია და,  ვისაც სურვილი ექნება, ყველას შეუძლია, დაესწროს და მიიღოს დისკუსიაში მონაწილეობა. საბჭოს მუშაობის ვადები დამოკიდებული იქნება საკითხების რაოდენობაზე. საკითხები კი, რომელზეც უკვე გვაქვს მომზადებული გადაწყვეტილებები, ამოქმედდება ძალიან მოკლე ვადაში, მათ შორის დეფიბრილატოს დაფინანსების წესიც”- განაცხადა გაბუნიამ.

მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს,  21 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. სამედიცინო მომსახურებებზე სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, უწყების მიერ შეთავაზებული ტარიფები მიზერულია და პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას ვერ უზრუნველყოფს.