საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გეგმური ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე კვირიდან განახლდება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გეგმური ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე კვირიდან განახლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გეგმური ოპერაციების დაფინანსება და ჩატარება მიმდინარე კვირიდან, პირველი ოქტომბრიდან განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფოს მიერ გეგმური ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე წლის აგვისტოდან, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეწყდა. გამონაკლისებია სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიული ჩარევები.

მსგავსი შეზღუდვა მოქმედებდა პანდემიის პირველი და მეორე ტალღების პერიოდშიც და ამ რეგულაციის მიზანი იყო საწოლების მობილიზება „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის.

ეპიდემილოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდვები აღაარ გააგრძელა. ბოლო 24 საათის მაჩვენებლით, დადებითობის დღიური მონაცემი 5%-ს ჩამოსცდა, შემცირდა ლეტალობაც. ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 27 ადამიანი იმსხვერპლა. ამასთან, უკვე 300-ს ჩამოსცდა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა, რეანიმაციაში ამ ეტაპზე 288 ინფიცირებული იმყოფება.