ზურაბ აზარაშვილი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, ადამიანს დაუბრუნდა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება
ზურაბ აზარაშვილი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, ადამიანს დაუბრუნდა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე ჩვენს მოქალაქეებს სამედიცინო სერვისების მისაღებად უხდებოდათ საცხოვრებლის გაყიდვა თუ იპოთეკით დატვირთვა და ამ კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ამ მიმართულებით დახარჯული გვაქვს შვიდ მილიარდ ლარამდე. ჩვენ ირგვლივაც ყველამ ვიცით, რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და ადამიანს დაუბრუნდა ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, რასაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება ჰქვია. ეს ამ პროგრამამ ნამდვილად შეძლო“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის დღეს, 10 წლის თავზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი გამოწვევა, რაც ამ პროგრამის ეფექტიანობას აფერხებს, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ისევ გამოწვევად რჩება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რაზეც აქტიური მუშაობა მიდის, თუმცა რამდენადაც 2013 წლამდე ბაზარი სრულიად დერეგულირებული იყო, სამედიცინო მომსახურება არ კონტროლდებოდა და არანაირი სტანდარტი არ არსებობდა, ამ მიმართულებით სამუშაო კვლავ ბევრია.

„მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ფინანსების ეფექტიანად ხარჯვა. სახელმწიფო დღესაც მზად არის, მნიშვნელოვნად გაზარდოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოცვა და ბიუჯეტი, თუმცა, პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ ხარისხიანად მომსახურების ნაწილში და მეორე, აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ფინანსურად, სწორად და ეფექტიანად იხარჯებოდეს თანხები“, – განაცხადა აზარაშვილმა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და სწორედ ამიტომ მოხდა DRG პროგრამის შემოღება, რათა არ მოხდეს ხელოვნურად გაძვირებული სამედიცინო ჩარევები და სახელმწიფომ გადაიხადოს ის, რაც ნამდვილად ღირს.

ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ მედპერსონალს და კლინიკებს, რომლებიც ხალხს და ქვეყანას 10 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად, ღირსეულად და გულწრფელად ემსახურებოდნენ.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ამბიციური მიზანი, 2025 წლის ბოლომდე მოხდეს C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია, რაც აუცილებლად მიიღწევა ისევე, როგორც შიდსის ნაწილში.

„C ჰეპატიტთან ერთად, პარალელურად დავიწყეთ, B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაც. ეს დავამატეთ, სადაც უფასო სკრინინგს და შემდეგ მკურნალობას შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს. რამდენიმე წლის შემდეგ ამ მიმართულებითაც ძალიან კარგი შედეგი გვექნება, ელიმინაციის კუთხით“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, დიალიზის სერვისი დაემატა ხუთ სხვადასხვა, ყველაზე რთულ ლოკაციაზე, რითიც საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ ადამიანები, რომლებიც საცხოვრებლად თბილისში იყვნენ გადასული.

„დღეს უკვე სერვისის მიღება მესტიაში, ყაზბეგში, თიანეთში, ლანჩხუთში და სხვა ქალაქებშია შესაძლებელი. კვლავ იგეგმება ლოკაციების ზრდა ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად გაფართოვდება ხელმისაწვდომობა ტრანსპლანტაციის სერვისებზე, რომლის ფარგლებშიც 2022 წელს ღვიძლის ტრანსპლანტაცია ექვს ადამიანს დაუფინანსდა 420 000 ლარით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია კი 16 ადამიანს – 2 075 000 ლარით, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსპლანტაციის შემთხვევაში ადამიანისთვის სიცოცხლის მეორედ ჩუქება ხდება და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგები არსებობს, რაზეც საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება და ხელმისაწვდომობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.