თამარ გაბუნია - კოვიდსასტუმრო არის საველე ჰოსპიტლის ანალოგი, სადაც შესაძლებელია პაციენტისთვის დანიშნულების შესრულება, ინექციები, მეთვალყურეობა, ჟანგბადის კონცენტრატორებიც კი დავამატეთ
თამარ გაბუნია - კოვიდსასტუმრო არის საველე ჰოსპიტლის ანალოგი, სადაც შესაძლებელია პაციენტისთვის დანიშნულების შესრულება, ინექციები, მეთვალყურეობა, ჟანგბადის კონცენტრატორებიც კი დავამატეთ

კოვიდსასტუმროებში ექიმების, ექთნებისა და სტუდენტების გუნდები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ისევე, როგორც ჰოსპიტლებში, კოვიდსასტუმროებშიც ჩვეულებრივ შესაძლებელია პაციენტისთვის დანიშნულების შესრულება, ინექციების წარმოება, მეთვალყურეობა, ჟანგბადის კონცენტრატორებიც კი დავამატეთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი არჩევანი კოვიდსასტუმროებზე შეაჩერა.

„დღეს ჩვენ გვაქვს კოვიდსასტუმროების საკმაოდ კარგად აწყობილი და განვითარებული სისტემა. დღეს კოვიდსასტუმროებში რჩება 4 500 ადამიანი და საწოლების რესურსი, რა თქმა უნდა, მეტია. დღეს იქ უკვე 5 000 საწოლია მობილიზებული და ექიმების, ექთნებისა და სტუდენტების გუნდები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ისევე, როგორც ჰოსპიტლებში, კოვიდსასტუმროებშიც ჩვეულებრივ შესაძლებელია პაციენტისთვის დანიშნულების შესრულება, ინექციების წარმოება, მეთვალყურეობა და ჟანგბადის კონცენტრატორებიც კი დავამატეთ. ამდენად, გარკვეულწილად, ეს ჩვენთვის არის საველე ჰოსპიტლის ანალოგი“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დადგა თუ არა ის ეტაპი, როცა ქვეყანამ ჩაკეტვაზე და მკაცრ ზომებზე უნდა იფიქროს, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აუცილებელია, აღსრულდეს პრევენციული ღონისძიებები და ის შეზღუდვები, რომლებიც უკვე არსებობს.

შეკითხვაზე, იღებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო შენიშვნას, რომ სისტემა ეპიდემიის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეპიდემია, რომელიც მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემებს თავს დაატყდა, რთული საპასუხო იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი მაღალგანვითარებული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის.

„ამას თავის მართლებისთვის არ ვამბობ. მაქსიმალური გაკეთდა იმ პირობებში, რაც არსებული სისტემის ფარგლებში იყო შესაძლებელი. რვა თვეში არსებული სისტემის სრული გადაწყობა და რეორგანიზაცია გვესმის, რომ ვერ მოხდება, ხოლო ის რესურსი, რაც ეპიდემიას სისტემაში დახვდა, მაქსიმალურად იყო მობილიზებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.