თამარ გაბუნია - არც ერთი პაციენტი, რომელსაც სჭირდება „ტოცილიზუმაბი“, მედიკამენტის გარეშე არ დარჩება, ზედმეტი ფორიაქი საჭირო არ არის
თამარ გაბუნია - არც ერთი პაციენტი, რომელსაც სჭირდება „ტოცილიზუმაბი“, მედიკამენტის გარეშე არ დარჩება, ზედმეტი ფორიაქი საჭირო არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არც ერთი პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობა, მედიკამენტის გარეშე არ რჩება.

მისივე თქმით, „ტოცილიზუმაბის“ მარაგი არის რამდენიმე კლინიკაში და საჭიროების შემთხვევაში, ხდება მედიკამენტის კლინიკიდან კლინიკაში გადანაწილება.

ამასთან, თამარ გაბუნია ამბობს, რომ მიწოდების პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს და ამით პაციენტები არ ზარალდებიან.

„მედიკამენტი განაწილებულია რამდენიმე კლინიკაში, თავისუფალ გაყიდვაში არ არის. ძირითადად თბილისის კლინიკებშია, ასევე ქუთაისის რამდენიმე კლინიკაში. თუკი აუცილებელი საჭიროება არსებობს, ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ პაციენტმა, მაგალითად, რესპუბლიკური საავადმყოფოდან, რომელსაც შედარებით მეტი აქვს მარაგი, ეს მედიკამენტი მიიღოს. მაგალითად, აჭარაში გვქონდა შემთხვევა, როდესაც დასჭირდა პაციენტს და ძალიან სწრაფად მივაწოდეთ. პროგნოზირება შესაძლებელია, ვის როდის უნდა გადაესხას მედიკამენტი. ამ საკითხის მოგვარება ლოჯისტიკურად მაქსიმალურად სწრაფად ხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტისთვის „ტოცილიზუმაბის“ დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კლინიკურმა ჯგუფმა უნდა მიიღოს.

„ამ მედიკამენტის დანიშვნის ლოჯისტიკაც და გადაწყვეტილების მიღებაც მისი გამოყენების შესახებ მხოლოდ კლინიკურ სივრცეში უნდა მოხდეს და ზედმეტი ფორიაქი იმასთან დაკავშირებით, რომ დეფიციტურია და რა უნდა გავაკეთოთ, საჭირო არ არის. დღეს არც ერთი პაციენტი, რომელსაც რეალურად სჭირდება „ტოცილიზუმაბი“, მის გარეშე არ დარჩება. მოწოდების პერსპექტივებიც უკვე გამოიკვეთა, რათა ის დეფიციტი, რაც გლობალურ ბაზარზეა, ჩვენს პაციენტებს არ შეეხოთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება მედიკამენტის ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე შეძენას, გაბუნიას თქმით, ბოლო ერთი კვირაა, ნაკლებად იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რომელიმე ოჯახი ამ გზით ცდილობს პრეპარატის მოძებნას.

„ბოლო ერთი კვირაა, ჩვენამდე ნაკლებად მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე ოჯახი „შავ ბაზარზე“ ცდილობს პრეპარატის მოძებნას. უფრო კლინიკებს შორის მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია, რომ კლინიკას, რომელსაც აქვს ეს მედიკამენტი, თუ საჭირო იქნება, დაუთმოს სხვა პაციენტს სხვა რეგიონში ან სხვა კლინიკაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.