თამარ ჟვანია - სახალხო დამცველის პოსტიდან არ ჩანს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან მომდინარეობს რაიმე ტიპის შემაშინებელი გარემო
სახალხო დამცველის პოსტიდან არ ჩანს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან მომდინარეობს რაიმე ტიპის შემაშინებელი გარემო, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
საუბარია სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რომლითაც მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზემოქმედებისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო.
„სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ISFED, GYLA, TI) მაწვდიან ინფორმაციას, რომ საჩივრების განხილვის დროს მათი დამკვირვებლების მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას, რაც ხშირ შემთხვევაში, ქმნის დამაშინებელ გარემოს. მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზემოქმედებისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო!“ – წერდა ნინო ლომჯარია.
თამარ ჟვანიას განცხადებით, ის სახალხო დამცველის ფეისბუქპოსტს ყურადღებით გაეცნო.
„მე მომაწოდეს სახალხო დამცველის პოსტი, რომელიც ძალიან ყურადღებით წავიკითხე, ვინაიდან იქ საუბარია საოლქო საარჩევნო კომისიებში არსებულ შემაშინებელ გარემოზე. სახალხო დამცველი არსად უთითებს, ყოველ შემთხვევაში, ამ პოსტიდან არ ჩანს, თითქოს ის საუბრობს იმაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან მომდინარეობს მსგავსი, რაიმე ტიპის შემაშინებელი გარემო. პოსტში საუბარია იმაზე, რომ არის უბრალოდ შემაშინებელი გარემო. იქ არ არის საუბარი, რომ ეს ყველაფერი საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან ხდება. პოსტში საუბარია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში ხდება, და არ არის დაკონკრეტებული, თუ ვის გულისხმობს სახალხო დამცველი. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა შემაშფოთა და უბრალოდ, მერე გამიკვირდა, რადგან დღეს თვითონ იყვნენ ჩვენთან მოსული საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და მათ ამ საკითხზე საერთოდ არაფერი უთქვამთ, ეს საკითხი არც კი დაუყენებიათ და ჩვენთან მსგავს რამეზე არ უსაუბრიათ. ქალბატონ ნინოსაც არ მოუწოდებია ჩვენთვის, რა ინფორმაციას ფლობს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჟვანიამ.
ამ განცხადებით თამარ ჟვანიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად იქნა მოკვლეული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებები, რომ კომისიების წევრების მხრიდან დამკვირვებლების მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი, რაზეც სახალხო დამცველმაც ისაუბრა.
როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ცესკო თავისი ინიციატივით ხვალ აუცილებლად გაარკვევს, რას გულისხმობდა სახალხო დამცველი.
„შესაძლოა, ცოტა სხვა რამეზეა საუბარი და ამიტომ მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.