კახა კუჭავა - დასრულდა დრო, როცა ვიღაც თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, თამარ ჟვანიას გადაყენებაზე საუბარი ზედმეტია
კახა კუჭავა - დასრულდა დრო, როცა ვიღაც თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, თამარ ჟვანიას გადაყენებაზე საუბარი ზედმეტია

დასრულდა დრო, როცა ვიღაც თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, თამარ ჟვანიას გადაყენებაზე საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ასეთი თანამდებობის პირის არჩევის პროცესი იყოს სრულიად ინკლუზიური, გამჭვირვალე და კითხვები არ დარჩეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მგონი, არც არავინ არის ამის წინააღმდეგი. პარლამენტში უზრუნველყოფილი იქნება, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ის დრო დასრულდა, როცა ვიღაცა თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, მით უმეტეს თამარ ჟვანიას გარანტირებულად ჰქონდა არჩეული ვადა და მას შეეძლო, ეს ბოლომდე გამოეყენებინა. თანამდებობიდან მის გადაყენებაზე საუბარი ზედმეტია. ძალიან სამწუხაროა, როცა უდანაშაულობის პრეზუმპცია ირღვევა, ხდება ბრალდებების წარდგენა, ტალახის სროლა და ადამიანის ბოლომდე განადგურება, ხოლო შემდეგ ვერ ამტკიცებ, რასაც ამბობდი და არ გაქვს არგუმენტები.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გადატანა რთულია. სამწუხაროდ, ბულინგის პროცესი პოლიტიკოსებსაც ხშირად გვაქვს გავლილი, როცა ადამიანის კრიტიკა და მიწასთან გასწორება არგუმენტების გარეშე ხდება და ვერც ამტკიცებ, ამის გაკეთების მიზეზი რა იყო. თამარ ჟვანიამ გადაწყვეტილება თავად მიიღო, არ მიკვირს. ვინც მას ბრალს სდებდა და არჩევნების გაყალბება ვერ დაადასტურეს, ვისურვებდი, რომ ღირსება ეყოთ, მივიდნენ და ბოდიში მოუხადონ, როცა მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.