გივი მიქანაძემ ოპოზიციას მიმართა - თქვენ ადგილას შემრცხვებოდა და თამარ ჟვანიას ახლა მაინც მოვუხდიდი ბოდიშს
გივი მიქანაძემ ოპოზიციას მიმართა - თქვენ ადგილას შემრცხვებოდა და თამარ ჟვანიას ახლა მაინც მოვუხდიდი ბოდიშს

ამერიკული მთავრობის მიერ დაფინანსებულ არჩევნებზე მომუშავე ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დანიშვნა თამარ ჟვანიას კომპეტენციის და პროფესიონალიზმის აღიარებაზე მეტყველებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი, გივი მიქანაძე IFES-ის უზბეკეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას დანიშვნას

„როგორ ფიქრობთ, ძვირფასო ოპოზიციის წარმომადგენლებო, დანიშნავდა „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ თავის წარმომადგენლად ადამიანს, რომელიც არჩევნებს გააყალბებდა?“, – მიმართა გივი მიქანაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გივი მიქანაძემ თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ ყველაზე დიდი ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას მიმართა, როგორ ფიქრობენ, დანიშნავდა თუ არა „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ თავის წარმომადგენლად ადამიანს, რომელიც არჩევნებს გააყალბებდა.

მიქანაძემ აქვე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ცესკო-მ, თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით, უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რაც ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ აღიარა.

„თამარ ჟვანიას კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის შესახებ თქვენ ისედაც ყველაფერი იცით, ისევე როგორც იცოდით და იცით იმის თაობაზე, რომ 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა. თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით 2020 წელს, კოვიდპანდემიის რთული ვითარების პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე გაუწია ორგანიზება და ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რაც ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ იქნა აღიარებული თავის ანგარიშებში.

საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება დამტკიცდა შესაბამისი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგადაც. იმ საგამოძიებო კომისიის მიერ, რომელშიც მონაწილეობაზე თქვენ უარი განაცხადეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდით, რომ ბუნებაში არ არსებობდა ფაქტები, რაც არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებდა და თქვენს სიცრუით გაჟღენთილ ექვსთვიან კამპანიას, საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების წინაშე სააშკარაოზე გამოიტანდა.

რა ვქნათ, რომ არც შარშანდელი არჩევნების შედეგები და არც წლევანდელი არჩევნების შედეგები თქვენს მოლოდინებს არ პასუხობს. უბრალოდ გაითავისეთ, რომ საზოგადოება დაიღალა თქვენგან, თქვენი დესტრუქციისა და სიცრუეზე აგებული კამპანიებისა და დაპირებებისგან.

საინტერესოა, რა კომენტარები გაქვთ თქვენ მიერ მთავარ გამყალბებლად შერაცხული თამარ ჟვანიასადმი ასეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე ამერიკული ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ ნდობაზე? მე თქვენ ნაცვლად შემრცხვებოდა და ახლა მაინც მოვუხდიდი ბოდიშს, მაგრამ ბოდიშის მოხდასაც უნარი უნდა, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ.

წარმატებები მინდა, ვუსურვო ქალბატონ თამარს, ხოლო ოპოზიციას გითხრათ, რომ 30 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მხარს დაუჭერს ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ დესტრუქციული ოპოზიციის ადგილი ხელისუფლებაში არ არის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დატოვე კომენტარი