ანრი ოხანაშვილი - თანამდებობიდან გადადგომა არის თამარ ჟვანიას არჩევანი, რომელსაც პატივს ვცემთ
ანრი ოხანაშვილი - თანამდებობიდან გადადგომა არის თამარ ჟვანიას არჩევანი, რომელსაც პატივს ვცემთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პატივს სცემს თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ.

„ეს არის თამარ ჟვანიას არჩევანი, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ. თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით ჩატარებული არჩევნები შეფასდა, როგორც კონსტიტუციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები და როგორც ლეგიტიმური არჩევნები. კითხვის ნიშნები არჩევნებთან დაკავშირებით ვერავის ექნება და არც აქვთ. ჩვენ ვერ და არ ვიქნებოდით ამ პროცესში მონაწილე, რადგან შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოების გადასაწყვეტ საკითხში ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ ჩაერევა.

მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ჟვანიას პერსონალური ბულინგი და იყო მისი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობა. სამწუხაროდ, არც ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რომ გამოეხატათ პოზიცია განცხადებებზე, რომელიც არ ჯდებოდა არც გამოხატვის თავისუფლებაში და ემსახურებოდა კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურებიც განმარტა.

„პროცესი წარიმართება პრეზიდენტთან, რომელმაც უნდა გამოაცხადოს კონკურსი. კომისიამ, რომელიც იქმნება პრეზიდენტთან, ერთ ვაკანსიაზე სამი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს. ამის შემდეგ უკვე პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას და წარუდგენს პარლამენტს ერთ ვაკანსიაზე ორ კანდიდატურას. ამის შემდგომ უკვე პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევას სჭირდება 100 ხმა, იმ შემთხვევაში თუ ორი მესამედით ვერ მოხერხდება არჩევა, კიდევ ერთხელ გამეორდება პროცედურა და თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში საჭიროა სამი მეხუთედი, ანუ 90 ხმა და თუ ესეც ვერ მოხერხდა, მაშინ 76 ხმა იქნება საჭირო არჩევისთვის. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილების ვადა იქნება არა 5 წელი, არამედ 6 თვე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.

ახალი „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.
დატოვე კომენტარი