თამარ ჟვანია - პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის კოდექსის“ შემუშავებაში ყველა კანდიდატის წარმომადგენელი მონაწილეობდა
პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის კოდექსის“ შემუშავებაში ყველა კანდიდატის წარმომადგენელი მონაწილეობდა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეთიკის კოდექსზე ხელმოწერის პროცესი ღიაა და მას ხელი უკვე 20-მა კანდიდატმა მოაწერა.
„კიდევ ველოდებით ყველა კანდიდატის ხელმოწერას, რადგან დოკუმენტის შინაარსზე მათი წინასწარი თანხმობა და მხარდაჭერა გვაქვს. დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საარჩევნო კულტურის განვითარება, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა არის ასევე ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეთიკის პრინციპები საზოგადოების ინტერესების დაცვას ემსახურება. ეს არის უარის თქმა ძალადობაზე, მუქარისა და შანტაჟის გამოუყენებლობა, სიძულვილის ენის გამოუყენებლობა. ცხადია, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ნიშნავს ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლების პატივისცემას“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, ელოდებიან, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების ხელმოწერები სრულად ერთ კვირაში შეგროვდება.
„დოკუმენტის შემუშავდა ცესკო-ს ორგანიზებითა და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით, თუმცა ეს დოკუმენტი თავისი შინაარსით ეკუთვნის თავად კანდიდატებს, ვინაიდან მათ თავად მიიღეს შინაარსის შემუშავებაში მონაწილეობა. რაც შეეხება დოკუმენტით განსაზღვრული პრინციპების დაცვას, ეს უკვე საზოგადოების განსჯის საგანია“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია დღეს გაიმართა.