თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი ზარქუას ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ
თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი ზარქუას ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ

ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობის წევრებს, შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი ზარქუას ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ და ეთიკის კოდექსისგან რეაგირებას ითხოვენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თამარ კორძაიამ განაცხადა, ეთიკის კოდექსის თანახმად, პარლამენტის წევრი ვალდებულია, ეთიკური სტანდარტები დაიცვას, განსაკუთრებით საკუთარი კოლეგების მიმართ.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსებისშემლახავი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება.

„ის, რასაც გუშინ ვხედავდით დარბაზში, სხვა არაფერია, თუ არა ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევა და იმის გაუაზრებლობა, თუ რა პასუხისმგებლობა აქვთ კოლეგა მამაკაცებს. თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს, ამიტომ მე და ანა ნაცვლიშვილი ეთიკის კომისიას მოვუწოდებთ, ეს საკითხი განიხილოს და პარლამენტის კონკრეტული წევრების მიმართ დაადგინოს, გუშინ განხორციელებული ქმედება არღვევდა თუ არა ეთიკის კოდექსს. გუშინდელი დღე საჭიროებს სათანადო შესწავლას და შეფასებას ეთიკის საბჭოს მიერ. ეს არის სამართლებრივი პროცედურები. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ, განიხილოს ამ ადამიანების პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხი და ურჩიოს დატოვონ პარლამენტი“, – აღნიშნა კორძაიამ.

კითხვაზე, ნონა მამულაშვილმა მაგიდაზე ასვლით დაარღვია თუ არა ქცევის კოდექსი, კორძაია პასუხობს, რომ მისი ქცევა სავსებით ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

„მიმაჩნია, რომ იმ ვითარებაში, რაც იქ ხდებოდა, უკვე თინა ბოკუჩავას მიმართ იყო ის მოქმედება განხორციელებული, რაც მოხდა, ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური გამოხატვის ფორმა, რადგან უკვე ქალს შეეხნენ ხელით კოლეგა მამაკაცები. პარლამენტში მანდატური ქალი გვყავს, რომელიც ამ დროს პარლამენტის წევრთან მიდის და ცდილობს, დაარეგულიროს ურთიერთობა. ქრონოლიგიას თუ გადავხედავთ, ვითარება იყო ზუსტად ასეთი, როცა თინა ბოკუჩავას შეეხნენ ფიზიკურად, ამის შემდეგ ნონა მამულაშვილმა პროტესტის უფრო მძაფრი ფორმა გამოიყენა“, – განაცხადა კორძაიამ.