ცესკო-ში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ეთიკის კოდექსის განახლებაზე მუშაობს
ცესკო-ში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ეთიკის კოდექსის განახლებაზე მუშაობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ეთიკის კოდექსის განახლებაზე მუშაობს.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქცევის (ეთიკის) კოდექსის განახლებაზე ერთობლივი მუშაობა იყო.

მათივე ცნობით, შეხვედრა, რომელიც ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე ორიენტირებული ახალი სამუშაო ფორმატის ფარგლებში გაიმართა, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა კოდექსის მნიშვნელობაზე.

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა, მათი მოსაზრებების გათვალისწინება და ეთიკის კოდექსის განახლებაზე ერთობლივი მუშაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„ახალი სამუშაო ფორმატი, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული, აქტიურ ფაზაში შედის. ჩვენ დღეს გვქონდა უკვე მესამე სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო ქცევის, ეთიკის იმ წესების შემუშავებას, რომელიც მოემსახურება როგორც 2024 წელს გასამართ საერთო არჩევნებს, ასევე მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს. ჩვენ აღნიშნული ფორმატის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, რომებლიც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გაჯანსაღებას“,- აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქცევის (ეთიკის) კოდექსის და მასში შესატანი ცვლილებების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია შეხვედრის მონაწილეებს ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა გააცნო, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

დოკუმენტის საბოლოო სრულყოფის მიზნით, ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსია გაიგზავნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც ისინი საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს წარმოადგენენ.

„ქცევის კოდექსი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის განსაზღვრავს წესებს, რომლებიც კანონში არ არის გაწერილი და რომლებზეც თანხმდება ეს ორი მნიშვნელოვანი მხარე – საარჩევნო ადმინისტრაცია და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომ ისინი დაიცავენ ეთიკურ წესებს წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ამაზე შეთანხმება, რომ ეს ფარავდეს ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რაც მრავლად გვაქვს წინასაარჩევნო პერიოდში. იმედი მაქვს, ეთიკის კოდექსი ყველასთვის მისაღებ საბოლოო სახეს მიიღებს“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმომადგენელმა, გიგი ჩიხლაძემ.

ამასთან, კოდექსზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ორგანიზაციის, „საზოგადოებრივი დამცველი“ თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დღეს. ტრადიციულად, საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთობლივად ვმსჯელობთ ეთიკის კოდექსზე. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, ეს დოკუმენტი მაინც არის დამზღვევი ჩვენთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, რომ რაღაც ზღვარს არ გავცდეთ. ვთანხმდებით გარკვეულ თემებზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მთლიანად საარჩევნო პროცესი, რათა საარჩევნო გარემო არ დაზარალდეს. მით უფრო გასათვალისწინებელია არსებული რეალობა, რის წინაშეც დგას არასამთავრობო სექტორი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციასთან ერთად ჩართული ვართ, რათა, ერთი მხრივ, შევქმნათ ჯანსაღი საარჩევნო გარემო მინიმალური დარღვევებით და, მეორე მხრივ, არ დაზარალდეს არასამთავრობო სექტორი“, – აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით ცესკო-ში სამუშაო შეხვედრების ახალი ციკლი 2022 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. შეხვედრების ციკლის ფარგლებში მხარეები სხვადასხვა საარჩევნო საკითხს განიხილავენ. ახალ ფორმატში დღეს მესამე შეხვედრა გაიმართა.