თამარ ჟვანია - მექანიკური, ტექნიკური, გნებავთ ადამიანური აცდენები იყო და 7 900-მდე ოქმს, ყველა ტიპის არჩევნებში, სათითაოდ ვსწავლობთ
თამარ ჟვანია - მექანიკური, ტექნიკური, გნებავთ ადამიანური აცდენები იყო და 7 900-მდე ოქმს, ყველა ტიპის არჩევნებში, სათითაოდ ვსწავლობთ

იყო შემთხვევა, როცა მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს 600-ზე მეტი ხმა აკლდა, რადგან ასეთი მონაცემი მის წინა კანდიდატზე იყო დაწერილი, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ცესკო-ში შეხვედრის მონაწილეეებს ვაჩვენეთ შესწორების ოქმები, როდესაც უბრალოდ, მონაცემის შეტანისას აცდენილია გრაფა; იყო შემთხვევა, როცა მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს 600-ზე მეტი ხმა აკლდა იმიტომ, რომ ასეთი მონაცემი მის წინა კანდიდატზე იყო დაწერილი. იგივე შემთხვევა იყო ერთ-ერთ უბანზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ 26 ხმა ეწერა არა 5 ნომერს, არამედ 4 ნომერს. ასეთი ძალიან ცალსახა, შეიძლება ითქვას, მექანიკური შეცდომები იყო. ოქმი იყო შესავსებად რთული, ორსვეტიანი და საქართველოს არჩევნების ისტორიაში პირველად, ამდენი სუბიექტის ხმა დასათვლელი. ეს ყველამ კარგად უნდა გაითავისოს. იმიტომ, რომ ამას გაცილებით მეტი ძალისხმევა და მეტი დრო სჭირდებოდა, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში 50 საარჩევნო სუბიექტი თვალით არც კი გვინახავს ბიულეტენში, ამსიგრძე, A3 ზომის ბიულეტენი იყო და შესაბამისად, ამ ყველაფრის დათვლას სჭირდებოდა დრო და ზედმიწევნით სწორად შეყვანა. ასეთი მექანიკური, ტექნიკური, გნებავთ ადამიანური აცდენები იყო და ჩვენ 7 900-მდე ოქმს ყველა ტიპის არჩევნებში სათითაოდ ვსწავლობთ“, – განაცხადა ჟვანიამ.

მისი თქმით, ამ არჩევნებზე მეტი შესწორების ოქმია, ბოლო მონაცემებით, 500-ზე მეტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამდენივე უბანზეა შესწორების ოქმი. 

„გვაქვს შემთხვევები, როცა არის უბანი, სადაც ერთი, ორი, ან ერთ შემთხვევაში ოთხი შესწორების ოქმიც კი არის. მეტსაც ვიტყვი, ცხადია, შესწორების ყველა ოქმი არ უკავშირდება შედეგებს. ზოგჯერ, აქ არის ტექნიკურ დეტალებზე შესწორება. მაგალითად, ოქმის შედგენის თარიღი, ბეჭედთან დაკავშირებული რაღაც უზუსტობა და შესწორების ოქმები დგება მსგავს, სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე“, – განაცხადა ჟვანიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად აქვს საფუძველი არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას, რომ ძალიან ბევრი ოქმი უნდა გაუქმდეს, რადგან მაგალითად, საია 120 ოქმის გაუქმებას და ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ საიას 120 ოქმთან დაკავშირებით ჰქონდა შენიშვნები და მათი ნაწილი, უკვე აბსოლუტურად არის დადგენილი და დაზუსტებული.

„დღევანდელ შეხვედრას საია-ს ხელმძღვანელიც ესწრებოდა. პირადად მან მოგვიტანა ოქმები, რომელზეც კითხვის ნიშნები იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი სამსახური ამას ამოწმებს და სწავლობს. მათ 120 ოქმთან დაკავშირებით ჰქონდათ შენიშვნები. მათი ნაწილი, შესწორების ოქმის თვალსაზრისით, უკვე აბსოლუტურად არის დადგენილი და დაზუსტებული“, – განაცხადა ჟვანიამ.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, შესწორების ოქმი არის საარჩევნო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი პროცედურა და ის წარმოადგენს ჩვეულებრივი შემაჯამებელი ოქმის ერთიან შემადგენელ ნაწილს.

„რა თქმა უნდა, თუ შესწორების ოქმი დიდი რაოდენობის ხმებს ეხება, მაშინ გაცილებით მეტი გამჭვირვალობა და დასაბუთებაა საჭირო, რა არის მისი საფუძველი. ამ შემთხვევაში, როცა იყო იგივე ტექნიკური მონაცემი, ერთი-ორი ახსნა-განმარტებით, ან რამე საფუძვლით წარმოდგენილი შეცდომა, ან თუნდაც, გრაფებში აცდენა, ასეთ საკითხებზე რეაგირება უკვე გაკეთებული აქვთ საუბნო საარჩევნო კომისიებს, შესწორების ოქმით“, – განაცხადა ჟვანიამ.

თამარ ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ ცესკო-ს თავის საიტზე და ფეისბუკგვერდზე გამოტანილი აქვს ოქმები, სადაც შესწორების ოქმები არის წარმოდგენილი.

„ყველა წევრი, რომელიც ოქმს ადასტურებს, შესწორების ოქმსაც ახლავს ყველა, კომისიის თორმეტივე წევრის ხელმოწერა. მგონი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.