თამარ ჟვანია აცხადებს, რომ მარნეულის 67-ე უბნიდან მიღებულ ოქმთან დაკავშირებით დაწყებულია საქმის შესწავლა, თუ ვინ გადაასწორა ოქმში მონაცემები
თამარ ჟვანია აცხადებს, რომ მარნეულის 67-ე უბნიდან მიღებულ ოქმთან დაკავშირებით დაწყებულია საქმის შესწავლა, თუ ვინ გადაასწორა ოქმში მონაცემები

დარღვევების შესახებ ინფორმაციები აბსოლუტურად სწორად ვრცელდება ცალკეულ შემთხვევებში, მაგრამ ბევრი ვრცელდება აბსოლუტურად არასწორად და დეზინფორმაციული მიზნით, სოციალურ ქსელებში და მედიაში, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„სოციალურ ქსელებსა და მედიაში ძალიან ბევრი სწორი ოქმი იყო გავრცელებული, რომელიც შეფასებული იყო, როგორც არასწორი ოქმი. მათ შორის, ცნობილი ჟურნალისტის მიერ, რომელიც ამბობდა, რომ ხმები დაიკარგა. ორივე შემთხვევაში აბსოლუტურად სწორი იყო ის ოქმი და გუშინაც კი, ახალი ოქმი გავრცელდა. ჩემამდე ეს ინფორმაცია სულ ახლახან მოვიდა, რომ ვითომდა დაკარგულ ხმებს ისევ ეძებენ. ამ ადამიანებმა ვერაფრით გაითავისეს ჩვენი არა ერთგზის გაკეთებული განცხადება, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ნაკლები ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას, იქიდან გამომდინარე, რომ მას რეგისტრაციის მიხედვით, კანონმდებლობით, არ ეკუთვნის და შესაბამისად, სპეციალურ უბანზე, როდესაც ხდება არჩევნები, მაჟორიტარულ ნაწილში ოქმში, რა თქმა უნდა, ნაკლები ადამიანის ხმა იქნება, ვიდრე ზოგადად, ამ უბანზე იყო მონაწილე ამომრჩეველი“, – განაცხადა ჟვანიამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოხდა მარნეულში 67-ე უბანზე, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი არავის გაუსაჩივრებია, მაგრამ, ცესკო-მ ამის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გაიგო და თავისივე ინიციატივით მოიკვლია.

„განსხვავება აშკარად იყო გაცემულ ოქმსა და იმ ოქმს შორის, რომელიც ცესკო-ს მოეწოდა. გაცემულ ოქმებს ვგულისხმობ ჩართულ მხარეებზე ქსეროასლებით დამოწმებულ, ხელმოწერითა და ბეჭდით გაცემულ ოქმებსა და მოწოდებულ ოქმს შორის სხვაობას. ეს საკითხი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოიკვლია და დაადგინა, რომ ზუსტად ის გაცემული ოქმი, რომელიც ჩართულ მხარეებს გადაეცა, ის მონაცემები იყო ნამდვილი და ზუსტი და დღეს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით დადგენილია, რომ სწორედ ის პირველადი მონაცემები იყო სწორი, რომელიც დადასტურებული და ქსეროასლების სახით იყო გაცემული და არა ის, რომელიც ცესკო-ს მოეწოდა“, – განაცხადა ჟვანიამ.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, დაწყებულია საქმის შესწავლა და მოკვლევა, თუ ვინ მოახდინა ოქმში მონაცემების გადასწორება.

„ამაზე ახსნა-განმარტებებიც არის წარმოდგენილი და შესაბამისი ორგანოები უკვე იკვლევენ. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, ვინ მოაწყო ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი ქმედება, როდესაც ცესკო-ს გადაკეთებული ოქმი მოეწოდა და ვინ იყო ამაში დამნაშავე, რადგან ეს უკვე სისხლის სამართლის რანგში გადის“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.