თამარ ჩუგოშვილი - თბილისიდან მხოლოდ ის საკითხები უნდა წყდებოდეს, რაც მთლიანად ქვეყნისთვისაა საჭირო
თამარ ჩუგოშვილი - თბილისიდან მხოლოდ ის საკითხები უნდა წყდებოდეს, რაც მთლიანად ქვეყნისთვისაა საჭირო

შესაძლოა, ამას პირველად ვაჟღერებ, მაგრამ თვითმმართველობის რეალური დეცენტრალიზაცია პარლამენტის თავმჯდომარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.

„პრემიერთან ერთად, ამ პროცესში წამყვანი როლი პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. მას აქვს, როგორც ექსპერტული ცოდნა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობის გააზრება და სურვილი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს თემა ბოლომდე მივიყვანოთ, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება. ამას წლები სჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის წამყვანმა ირაკლი აბსანძემ თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს იყო საკმაოდ შორს მიმავალი პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერის რანგში ლობირებდა და რომელიც მისი წასვლის შემდეგ შეიცვალა. ექსპერტების შეფასებით, კოდექსიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების შერბილება, ან საერთოდ ამოღება მოხდა. ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რამ გამოიწვია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დეცენტრალიზაციის პოლიტიკის შეცვლა და ვუბრუნდებით თუ არა ისევ ამ მიმართულებას, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი კანონის მიღების მიუხედავად, თვითმმართველობის რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა არსებობს პოლიტიკური ნება, რომ პროცესი დაიწყოს.

„ადამიანებმა ადგილებზე, რეგიონში, ქალაქში, სოფელში ყველაზე კარგად იციან, რა აწუხებთ. მათ მაქსიმალურად მეტი ბერკეტი უნდა ჰქონდეთ, რომ მათთან დაკავშირებული პრობლემები მათთან ახლოს გადაწყდეს, მაგრამ დეცენტრალიზაცია ფულისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლების გარეშე არ არსებობს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რესურსიც და უფლებაც, რომ მათთან დაკავშირებულ საკითხებზე რაც შეიძლება, ბევრი გადაწყვეტილება მიიღონ. თბილისიდან მხოლოდ ის საკითხები უნდა წყდებოდეს, რაც მთლიანად ქვეყნისთვისაა საჭირო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა, ყველა განვითარებული ქვეყანა ასე ოპერირებს და არ არსებობს მოლოდინი, რომ ამ იდეას რაღაც განსაკუთრებული წინააღმდეგობა შეხვდება.