თამარ ჩუგოშვილი - ნინო გვენეტაძის გადადგომაზე ინფორმაცია მოულოდნელი იყო 
თამარ ჩუგოშვილი - ნინო გვენეტაძის გადადგომაზე ინფორმაცია მოულოდნელი იყო 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ნინო გვენეტაძის გადადგომა მოულოდნელი იყო.

პირველ არხთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა.

„ინფორმაცია საკმაოდ მოულოდნელი იყო. მიზეზზე ნინო გვენეტაძემ თავად ისაუბრა და მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. სხვა დანარჩენზე საუბარი რთულია, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდით. უნდა ვიფიქროთ იმაზე, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ვინ იქნება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა და ამას მართლმსაჯულების სისტემაზე დიდი გავლენა აქვს, შესაბამისად, კანდიდატურაზე ფიქრს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით დავიწყებთ, თუმცა გამიჭირდება, რომ რაიმე კონკრეტული გითხრათ, რადგან ეს ინფორმაცია მოულოდნელი იყო”, – აცხადებს ჩუგოშვილი.

დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა მოქმედი კონსტიტუციით მოხდება, თუ ახალი რედაქციით.

„პრეზიდენტს საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისთვის სამი თვე აქვს დარჩენილი და შეიძლება, მას სურვილი ჰქონდეს, კანდიდატურა დაასახელოს, ან პირიქით, არჩევა ახალი მოდელით მოხდეს. ჩემთვის რთულია, რაიმე კონკრეტული გითხრათ. ეს პარლამენტზეც არ არის დამოკიდებული, ბევრ სხვადასხვა აქტორზეა დამოკიდებული. პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ მთავარ ნაბიჯებს ინიციატორები დგამენ, ინიციატორი ჩვენ არ ვართ“, – დასძენს ჩუგოშვილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხვადასხვა პროცედურებს  ითვალისწინებს.