თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მიკელე ნიკოლეტის არჩევას მიესალმება
თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მიკელე ნიკოლეტის არჩევას მიესალმება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მიკელე ნიკოლეტის არჩევას მიესალმება.

როგორც თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, გასულ წელს ასამბლეას მძიმე წელი ჰქონდა, რადგან ყოფილი პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის წინააღმდეგ იყო მძიმე ბრალდებები, რამაც საკმაოდ დააზიანა  საპარლამენტო ასამბლეა.

„საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს – მიკელე ნიკოლეტი, რომელიც გასული წლების განმავლობაში, სოციალისტების პოლიტიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ჩვენ სოციალისტების ჯგუფში ვართ გაწევრიანებულები და შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში, მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. მივესალმებით ასამბლეის ამ გადაწყვეტილებას. გასულ წელს ასამბლეას მძიმე წელი ჰქონდა. ყოფილი პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის წინააღმდეგ იყო მძიმე ბრალდებები, რამაც საკმაოდ დააზიანა  საპარლამენტო ასამბლეა. იმედი გვაქვს, რომ ასამბლეა რეაბილიტაციას ეფექტურად შეძლებს და მიზნების განხორციელებაში წარმატებული იქნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის აქვს ღონისძიებები და ასევე არის რამდენიმე ანგარიში, სადაც საქართველოა ნახსენები.

“პირველ რიგში უნდა აღვნიშნო რეზოლუციის პროექტი, რომელიც საუბრობს წლის განმავლობაში წევრი ქვეყნების მიღწევებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ დოკუმენტის თანახმად, მიესამლებიან საქართველოში გატარებულ საკონსტიტუციო რეფორმას. ნათქვამია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. ასევე, წარმოდგენილი იქნება მომხსენებლების საინფორმაციო ბარათი, რომელიც მათი ვიზიტის შედეგად მომზადდა. ძალიან ბევრი პოზიტივია მოცემული ამ საინფორმაციო ანგარიშშიც, რომელიც კომიტეტზე გამოვა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ხვალ საქართველოს ახალ სახალხო დამცველს მოუსმინონ საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა. ომბუდსმენი ისაუბრებს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, სესიაზე უნდა აირჩიონ ადამიანის უფლებების ახალი კომისარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

“წარმოდგენილია სამი კანდიდატი. სამიდან ერთ-ერთს სოციალისტური ჯგუფის წევრს უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და სავარაუდოდ, ის გახდება ახალი კომისარი. ლე ბორნის აქვს ყველაზე მაღალი შანსი არჩევის. ჩვენ დაინიცირებული გვაქვს სპეციალური რეზოლუციის პროექტი, რომელმაც აქცენტი უნდა გააკეთოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგზე. ჩვენ გვინდა, რომ საპარლამენტო ასამბლეაზე ამ საკითხს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. ჩვენ გვქონდა  ლე ბორნთან გასაუბრების და  კითხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობაზე დავუსვით. ის სრულიად იზიარებს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ევროსაბჭოს ტერიტორიაზე ე.წ. ნაცრისფერი ზონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებაა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.