თამარ ჩუგოშვილი - არ ვიზიარებ შეფასებას, რომ ყველა, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი მოსამართლეებთან დაკაშირებული პროცესების მიმართ, მართულია ერთი პოლიტიკური ძალისგან
უნდა შევქმნათ კანონი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასანიშნად სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს შექმნის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი შეფასებით, პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ არ დამტკიცდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, სწორი იყო.
„გადაწყვეტილება, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, როდესაც არ დაამტკიცა, თანაც ნაჩქარევად, პარლამენტისთვის სრულიად უპასუხისმგებლოდ შემოთავაზებული სია, სწორი იყო. მე ამ აზრზე ვრჩები. ურთულესი პროცესი გვაქვს გასავლელი და შესაქმნელია კანონი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასანიშნად სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს შექმნის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამას. იმედი მაქვს, შევძლებთ, სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდეთ და ამ რეჟიმში დავიწყოთ კანონპროექტზე მუშაობა, მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მოგვცემს შანსს, რომ უზენაესი სასამართლო დავაკომპლექტოთ საუკეთესო მოსამართლეებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ბევრ ადამიანს აქვს ამ საკითხზე კრიტიკული მოსაზრება და აღნიშნულ კრიტიკას თავისი საფუძვლები აქვს.
„არ ვიზიარებ შეფასებას, რომ ყველა, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ამ პროცესების მიმართ, მართულია ერთი პოლიტიკური ძალისგან. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კრიტიკული მოსაზრება და ამ კრიტიკას აქვს თავისი საფუძვლები. ვიზიარებ იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ დისკუსია სამუშაო რეჟიმში განხორციელდეს, რადგან ქვეყანას ძალიან აზიანებს ასეთი რყევები. თუ შევძლებთ, სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. მინდა, მჯეროდეს, რომ აქამდე მივალთ, მაგრამ წინ გველის რთული პროცესები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, რომლის შემდეგაც პოლიტსაბჭოს განცხადება გამოქვეყნდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა არ დაუშვებს საზოგადოების, ხელისუფლების ერთობლივი მონაპოვრის, თვისებრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო დისკრედიტაციას.