თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი რუსთავის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი რუსთავის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი რუსთავის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

როგორც რამიშვილმა პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მისთვის საქმის მასალები არ გადაუციათ, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ არავინ არის ცნობილი.

„ჯერჯერობით არაფერი გადმომცეს, რადგან ჯერ დაზარალებულის უფლებამონაცვლე არავინ არის. ასევე, 143-ე მუხლით არის აღძრული საქმე, თავისუფლების უკანონო აღკვეთა. მოვითხოვე, რომ უფლებამონაცვლედ ცნობილი იყოს მამამისი. ხვალ უნდა მოვითხოვო, გამაცნონ ​საქმის ყველა მასალა. სხვადასხვა დაკითხვა მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ მოვითხოვე, მამა გახდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე, მოხდეს კვალიფიკაციის შეცვლა და ხვალ უნდა მოხდეს გადმოცემა. ძალიან ბევრი ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს, უშუალოდ არ ვიცი. ჩემთვის უკვე ძალიან საეჭვოა. მოგეხსენებათ, შაქარაშვილის ბიძას მეორე დღესვე ჰქონდა საშუალება, ჩართულიყო და შემხებლობა ჰქონოდა მაღალი თანამდებობის პირებთან და ვნახოთ, ხვალ რისი საშუალება გვექნება. ხვალ უნდა შეიკრიბოს ეს მასალა და ვნახავ, რა იქნება. თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე აღარ არის საუბარი, ადამიანი გარდაცვლილია და ვნახოთ, ყველაზე მცირე დანაშაულის კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანა მაინც უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა მისთვის მიუღებელია საგამოძიებო ორგანოს მიერ დღეს ინფორმაციის გაჟღერების ფორმა.

„მე ვამბობ, რომ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ჩემთვის ეგეთი ფორმით გაჟღერება და ეგეთი ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდება, რაც ეხება ფსიქოლოგს, წერილს, აბების არსებობას, რომ სხეულზე არანაირი ძალადობის ნიშანი არ არის, ჩემთვის მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველანაირ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ სხვა ფორმით შეიძლება მიაწოდო საზოგადოებას და არა იმ ფორმით, რომ დაიმკვიდრო და დააჯერო, რომ სხვა ვერსიებს არ აქვს არსებობის უფლება. ამას სხვანაირი მტკიცება სჭირდება. ობიექტური უნდა იყოს გამოძიება. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, ვინმე თუ გამოიკვეთა დამნაშავე, რომ ვინმეს რამე შერჩება, ვინც არ უნდა იყოს“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.