პროკურორი - მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა, კითხვებისთვის თავი აერიდებინა, ემოციური გამოსვლებით განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა ვითარებას
პროკურორი - მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა, კითხვებისთვის თავი აერიდებინა, ემოციური გამოსვლებით განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა ვითარებას

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიმართ დაისვა ყველა კითხვა, რომელიც მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებულ საქმეს ეხებოდა.

მისივე თქმით, გამოკითხვა დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის არიდებას.

„უმეტეს კითხვაზე, რომელიც დავით ფურცხვანიძეს უკავშირდებოდა, ბატონმა მიხეილმა ჩვენ დაგვიდასტურა, რაც მის ტელეფონში იყო განთავსებული, თუმცა იყო ძალიან ბევრი კითხვა, არ ახსოვდა ათი სექტემბრის ან 15 სექტემბრის, ასე ახლო პერიოდის მიმოწერა, ასევე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც ჩვენ მის ტელეფონში ვნახეთ. საბოლოო ჯამში დაკითხვა ჩატარდა დაძაბულ ვითარებაში, რადგან ბატონი მიხეილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის არიდებას, განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლების გამო. ეს ქცევა რა თქმა უნდა არ არის ქცევა, როდესაც ადვოკატს მოწმედ ვკითხავთ, მეტი ვალდებულება გააჩნია, მით უმეტეს, როდესაც წარმოადგენს დაზარალებულის ადვოკატს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ ვინმემ ყალბი ინფორმაცია და მტკიცებულება გადასცა, სრულყოფილად მიაწოდოს ჩვენება პროკურატურას, ასევე სასამართლოს. თუმცა ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ მიხეილ რამიშვილის ემოციური გამოსვლები, დაძაბული ტონი“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

ამასთან, გუმბერიძის განმარტებით, გამოკითხვისას მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა, რომ სატელეფონო კონტაქტებში „ყარაბაღის“ სახელით დავით ფურცხვანიძე ჰყავდა ჩაწერილი.

„თქვენ საჯაროდ არაერთხელ მოისმინეთ მიხეილ რამიშვილის განმარტება კონტაქტში „ყარაბაღად“ ვინ ჰყავდა ჩაწერილი, დღეს დაგვიდასტურა, რომ ჩაწერილი ჰყავდა 8 სექტემბერს დავით ფურცხვანიძე, რომელიც უგზავნიდა ფოტოებს. კითხვაზე, თუ რატომ ჰყავდა ჩაწერილი ასე, ბატონმა მიხეილმა განგვიმარტა – როდესაც ესაუბრებოდა ამ ადამიანს, გაარკვია, რომ კვლევები ჩატარებული ჰქონდა, მათ შორის ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დარჩა განცდა, რომ ყარაბაღად უნდა ჩაეწერა ტელეფონში და ჩაწერა კონტაქტებში.

თუმცა მოგეხსენებათ, რომ ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რაც უკავშირდებოდა ყარაბაღს, რა ბრალდებებიც იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმართ, გარკვეულწილად ამ მოწმეთა ჩვენებებით ეს გარემოებაც  არ იკვეთება და ვერ დგინდება. ჩვენ ამ საქმეზე გავაგრძელებთ გამოძიებას, თუმცა განვმარტავთ, რომ არც ერთ შემთხვევაში დამცველ ადვოკატებს ხელი არ ეშლებათ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, წარმოადგინონ ვერსიები, ინფორმაციები და მტკიცებულებები, თუმცა გაითვალისწინონ ერთი ფაქტი, რომ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა რეალური ინფორმაცია და ხელოვნურად ხელი არ შეუშალონ გამოძიებას სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

რაც შეეხება ოჯახის წევრების მოთხოვნას, გამოძიებამ წარმოადგინოს სატელიტიდან ფოტომასალა, გუმბერიძე ამბობს, რომ არაერთ კერძო კომპანიაში გაგზავნილია მოთხოვნა, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში.

„გიდასტურებთ, რომ ჩვენ დღეის მდგომარეობით მოლაპარაკებები გვაქვს, გამოძიებამ ვერ მიიღო ამ კონკრეტული დღეების სატელიტების ფოტოები, სადაც ჩვენ გავაგზავნეთ, თუმცა არაერთ კერძო კომპანიაში გაგზავნილია მოთხოვნა, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში“, – განაცხადა პროკურორმა.

დავით გუმბერიძის განმარტებით, ინფორმაცია, რაც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია, ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით ფურცხვანიძე გარკვეულწილად არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა.

„ის ინფორმაცია, რაც ბატონი მიხეილის ტელეფონში ფიქსირდება, ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია, ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით ფურცხვანიძე გარკვეულწილად არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა, თუმცა ჩემ მიერ დამაზუსტებელ კითხვაზე – გაეცნო თუ არა სრულად იმ ექვსივე ფოტოსურათს, ბატონმა მიხეილმა ჩვენ განგვიმარტა, რომ არ ახსოვს, ანუ ტელეფონში მიიღო ექვსი სურათი, თუმცა არ ახსოვს ფოტოსურათები ნახა თუ არა. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ამ საქმეზე ვაცნობებთ საზოგადოებას“, – აღნიშნა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გამოიკითხა.

საქმე ეხება მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ სატელიტის ფოტოებს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ამის შემდეგ მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.