თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და აცხადებს, რომ მარი შარაშიძის დაკავებით, შესაძლოა, მას და თეონა თამაზაშვილს საფრთხე შეექმნათ.

მისი თქმით, გამოძიება ცდილობს, შარაშიძის მიერ მტკიცებულებების გაყალბება მას და ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს დააბრალოს.

„პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ მარი შარაშიძეს წაუყენეს ბრალი მტკციებულებების ფალსიფიკაციაზე. ეს ეხება ჩვენს წარდგენილ სქრინს, სადაც მითითებულია თამარისა და მარის მიმოწერა. შემიძლია ვთქვა, ეს სქრინები ეხებოდა ინფორმაციას, რომელიც საფუძველი იყო გამოძიებაში დაბრუნებისთვის. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ამის უკან დგას კიდევ ერთი მცდელობა და მიზანი, რა შეილება იმოქმედოს გამოძიებამ. ეს ფურცხვანიძის საქმეს მაგონებს, როდესაც მისგან ითხოვდნენ, ხელი დაედო ჩემზე და ეთქვა, თითქოს ე.წ. სურათები ჩემი ორგანიზებით გავრცელდა და ფალსიფიცირების ორგანიზატორი ვიყავი. ანალოგიურს ითხოვს პროკურატურა და იქნება ეს თეონადან დაწყებული, ჩემზე გადმომისამართებული. ვინ დგას მარიამის უკან და ვისგან იყო განხორციელებული, ამას კი არ ადგენს, პირდაპირ ბრალი წარუდგინა. მალევე გასაჯაროვდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მიკვირს, რომ ამის მიუხედავად, ბრალი წაუყენეს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ეს მიზანმიმართული მცდელობაა, მოხდეს დისკრედიტაცია და დაშინების სხვა ფორმები, თითქოს თეონასგან მოხდა დავალებების მიცემა. პირადად გეუბნებით, მარი შარაშიძე ჩვენ წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ. ანალოგიურად იყო ფურცხვანიძესთან დაკავშირებით. ყველაფერი საეჭვოა ჩემთვის და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილია თუ – არა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მარი შარაშიძეს მართავენ, მიზანი კი მასზე და მიხეილ რამიშვილზე კომპრომატების მოძიებაა. თეონა თამაზაშვილი შარაშიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

„გამოყენებული იქნა, როგორც ექიმი, შშმ პირი, რომელიც ვერ შეძლებდა, ამდენი რამე გაეკეთებინა, ეს იყო ვიღაცისგან დარიგებული ან ვიღაცა მართავდა მარის. მე ზუსტად ამის ილუზია მქონდა, რომ ამას დაადგენდნენ. როგორც ჩანს, ასე არ მოხდა და განმეორდა ფურცხვანიძის მაგალითი. იცნობდა თუ არ იცნობდა, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. არ გამოვრიცხავ, სასოწარკვეთილებაში მყოფი თამუნა შესაძლოა, ნებისმიერს წერდა. მე არ მანახეს მისი მიმოწერები, გამწარებული დედა ვარ და ყველაფერი მაინტერესებდა, ჩავებღაუჭები ყველა ინფორმაციას“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე მ.შ. -ს ბრალდება წარუდგინა.