მიხეილ რამიშვილი - პროკურატურა წყაროს თუ აკავებს, მაშინ მეც აუცილებლად დამაკავებენ, არაფრის მეშინია, რაც უნდათ, ის უქნიათ
მიხეილ რამიშვილი - პროკურატურა წყაროს თუ აკავებს, მაშინ მეც აუცილებლად დამაკავებენ, არაფრის მეშინია, რაც უნდათ, ის უქნიათ

სადაც დავითი დააკავეს, ახლა მეც აუცილებლად დამაკავებენ, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს გავრელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმად, დავით ფურცხვანიძე დააკავეს.

რამიშვილის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე აშშ-ში წასვლას და სატელიტით გადაღებული დამატებითი ფოტოების ჩამოტანას აპირებდა.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკიდან დამატებითი მტკიცებულებები მისი დაკავების შემთხვევაშიც ჩამოვა.

„ნათელია უკვე, რომ გამოძიება ცდილობს არა ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას, არამედ საქმის როგორმე ჩაფარცხვას და სხვა რაღაცით გადაფარვას. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელს აფარებს იმ დამნაშავეთა ჯგუფს, რომელიც ამ საქმეშია ჩართული და თამარი მოკლულია. დავით ფურცხვანიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა და იქიდან სატელიტიდან გადაღებული დამატებითი სურათის ჩამოტანას აპირებდა, რომელიც მიუთითებს, რომ 18-დან 22 ივლისამდე ავტომობილი იქ არ იდგა. დავით ფურცხვანიძე ექსპერტიზის დასკვნის ჩამოტანას აპირებდა. საერთოდ წყარო რატომ უნდა დააკავო?! მან დაასახელა საიდან ჰქონდა ის სურათები, მითითება ჰქონდა ქვეყნის, გვარი, ვისგანაც ფოტოები მიიღო და დამატებით კიდევ მეილები. ის ითხოვდა, რომ დაკითხვის ოქმი, სადაც მან დეტალურად თქვა ყველაფერი, გამოქვეყნებული ყოფილიყო მაგისტრი მოსამართლის წინაშე. მაგრამ სადაც დავითი დააკავეს, ახლა მეც აუცილებლად დამაკავებენ იმიტომ, რომ ფოტოები მე გავასაჯაროვე. მე ინფორმაციის სახით მოვუტანე და მივეცი პროკურატურას. ეხლა თუ წყაროს აკავებენ, მაშინ წავიდნენ და შემდეგი წყარო დააკავონ, იმის მერე კიდევ წყაროები დააკავონ. წყაროებზე იარონ და ვიცი, რომ ამის შემდეგ მეც დამაკავებენ.

მე  დავით ფურცხვანიძის ადვოკატს საქმის ვითარებას გავაცნობ და ვეტყვი, როგორ უნდა იმოქმედოს ისე, რომ არ ინერვიულოს ბატონმა დავითმა, მაგრამ ამ ბინძურ საქმეს, რასაც ესენი აკეთებენ, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება. არაფრის არ მეშინია. დამაკავეთ. რაც უნდათ ის უქნიათ. მაინც ჩამოვა ამერიკიდან ინფორმაცია და ნახევარი საქართველოს დაკავება მოუწევთ იმიტომ, რომ ჩემ გარდა სხვებიც არიან საქმის კურსში, რომ უნდა მიიღონ ის მტკიდებულებები, რითაც დადასტურდება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ გაქვთ იმის საშუალება, რომ დადოთ საწინააღმდეგო ფაქტები, რომ ავტომობილი იქ იდგა, ავწევ ხელბს და ვიტყვი, რომ კიბატონო, მართლები ხართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ავტომობილი არ იდგა“, – განაცხადა რამიშვილმა.

ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში დავით ფურცხვანიძის ადვოკატი გიგა სვანიძეც იმყოფება.

დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, რომლის თანახმად 18-22 ივლისის პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა სოფელ მაწევანის ტყეში არ იდგა. მოგვიანებით, პროკურატურამ განაცხადა, რომ აღნიშნული ფოტოები ყალბია და ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

დატოვე კომენტარი