თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილის კუთვნილი ავტომობილი თეთრიწყაროს ტყეში ახალი მიყვანილი იყოს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიების მისამართით კითხვები აქვს.
რამიშვილის თქმით, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანა მწყემსმა იპოვა და აინტერესებს, რატომ ვერ აღმოაჩინეს ავტომობილი შსს-ს თანამშრომლებმა.
მისივე განცხადებით, გაიხსნა ავტომობილი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, ასევე ექსპერტიზის წარმომადგენლები ყველა საჭირო მოქმედებებს ახორციელებენ.
„გეგმა არის შემდეგი: აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გავარკვიოთ, რა მოხდა, რის საფუძველზე იყო ეს გოგო წამოსული. იმოქმედა თუ არა გამოძიებამ სრულყოფილად, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი, რადგან ასეთ მდგომარეობაში იქნა ავტომობილი ნაპოვნი და როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მწყემსის მიერ იქნა აღმოჩენილი. შესაბამისად, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ავტომობილში უკანა სავარძელში იყო. ავტომობილი გაიხსნა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, ექსპერტიზის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ყველა საჭირო მოქმედებებს ახორციელებენ“, – განაცხადა რამიშვილმა და დასძინა, რომ არ ენდობა გამოძიებას და სახელმწიფო ექსპერტიზას.
მისივე განმარტებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან.
„მე პირადად, შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, არ გამაჩნია ექსპერტიზის ნდობა, ჩვენი მხრიდან ჩაერთვებიან ექსპერტები, ანუ დამოუკიდებელი ექსპერტები. მე უკვე ვესაუბრე ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს და ვთხოვე, მისი წარმომადგენელელი ჩაერთოს ექსპერტიზაში და დამოუკიდებელმა ექსპერტმაც გასცეს პასუხი. მანქანა დახურული იყო, მხოლოდ ზედაპირულად შევძელი, მენახა. ვერ ვუახლოვდები, რადგან მაგის უფლება არ გამაჩნია, თუმცა ვაკვირდები, რა მდგომარეობაშია ცხედარი“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მანქანა ადგილზე ახალი მიყვანილი იყოს.
„ცხადია, შესაძლოა, არსებობდეს ეჭვი, რომ მანქანა ამ ადგილზე ახალი მოყვანილია. ეს არ არის უღრანი ტყე და ამ მანქანას მწყემსი არ უნდა პოულობდეს, მით უფრო, თუ მათი განცხადებით, აერო გადაღებას, დრონს იყენებდნენ. აქედან გამომდინარე, არ ვენდობით გამოძიებას. თუმცა ყველანაირ ვერსიას განვიხილავთ. ჩვენ ჩვენს კითხვებს დავუსვამთ გამოძიებას. შევისწავლი ყველა დეტალს, სად მუშაობდა, რისი სპეციალისტი იყო, ვინ იყო მისი ხელმძღვანელი და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ, რომ კითხვები არ დარჩეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილი შაბათს, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
კომპანიაში, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.