თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ გარდაცვლილის მანქანიდან ამოღებული მედიკამენტები ფსიქოტროპული არ არის
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილის მანქანიდან მედიკამენტები ამოიღეს.
როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ზუსტად არ იცის, რა ტიპის პრეპარატებია, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ფსიქოტროპული არ არის.
„ვერსია მრავალია, ძალიან ძნელია ჩემთვის ლაპარაკი, რადგან ძნელია აღწერა იმის, რაც ვნახე. მე მქონდა საუბარი ექსპერტებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დეტალურად მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა, ჩემი თანდასწრებით ხდება ნივთების ამოღება, დალუქვა. დაილუქა ის წამლები, რომლებიც მის ჩანთაში ნახეს. ზუსტად რა ტიპის პრეპარატებია, ვერ გეტყვით. ფსიქოტროპული პრეპარატები არანაირად არ არის. არის დასახელებები, მე არ ვიცი, ამას ექსპერტები იტყვიან, რა ტიპის პრეპარატებს განეკუთვნება, მაგრამ ფსიქოტროპული ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, ეტყობოდა თუ არა ძალადობის კვალი გარდაცვლილს, მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ექსპერტები ისაუბრებენ.
„ექსპერტები იტყვიან, რისგან იყო გამოწვეული გარდაცვალება. ასე დეტალურად რომ გითხრათ, რა სახის დაზიანებები აქვს, ვერ გეტყვით, რადგან მოგეხსენებათ, გარდაცვალების დროს აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი იმყოფებოდა გარდაცვლილ მდგომარეობაში. ვადების გამო, იცვლება ფერი და ა.შ. ჩვენ გვაქვს ბევრი კითხვა. სწორედ ამიტომ, ჩემი მოთხოვნით ყველა კვალი, თუ რა გზით შემოვიდა მანქანა, ნიმუშები ავიღეთ, მერე რომ არ მომხდარიყო განადგურება“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ავტომობილში ასევე იყო გარდაცვლილის პირადი ნივთები, მათ შორის – მობილური ტელეფონი.
კითხვაზე, ფიქსირდება თუ არა ადგილზე სხვა მანქანის კვალი, ადვოკატი აცხადებს, რომ გადაღებულია ყველანაირი კვალი და ყველაფერი შესაძლებელია.
„წინასწარ ვერ გეტყვით, სად მოხდა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ ავტომობილში იყო წერილებიც, თუმცა რა შინაარსის, მიხეილ რამიშვილი არ აკონკრეტებს.
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილი შაბათს, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.