თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ადასტურებს, რომ გარდაცვლილის ავტომობილიდან წერილებია ამოღებული, თუმცა მათ შინაარსზე არ საუბრობს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ადასტურებს, რომ გარდაცვლილის ავტომობილიდან წერილებია ამოღებული, თუმცა მათ შინაარსზე არ საუბრობს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის ავტომობილში ნაპოვნი წერილების შინაარსზე არ საუბრობს.

თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ავტომანქანაში ნაპოვნია წერილი, სადაც წერია – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“.

ამასთან, როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, გარდა წერილებისა, ამოღებულია მედიკამენტები და სხვა პირადი ნივთები.

„ვერსია მრავალია, ძალიან ძნელია ჩემთვის ლაპარაკი, რადგან ძნელია იმის აღწერა, რაც ვნახე. მე მქონდა საუბარი ექსპერტებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დეტალურად მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა, ჩემი თანდასწრებით ხდება ნივთების ამოღება, დალუქვა. დაილუქა ის წამლები, რომლებიც მის ჩანთაში ნახეს. ზუსტად რა ტიპის პრეპარატებია, ვერ გეტყვით. ფსიქოტროპული პრეპარატები არანაირად არ არის, არის დასახელებები, მე არ ვიცი, ამას ექსპერტები იტყვიან, რა ტიპის პრეპარატებს განეკუთვნება, მაგრამ ფსიქოტროპული ნამდვილად არ არის. ექსპერტები იტყვიან, რისგან იყო გამოწვეული გარდაცვალება. ასე დეტალურად გითხრათ, რა დაზიანებები აქვს, ვერ გეტყვით, რადგან მოგეხსენებათ, გარდაცვალების დროს აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი იმყოფებოდა გარდაცვლილ მდგომარეობაში. ვადების გამო, იცვლება ფერი და ა.შ. ჩვენ გვაქვს ბევრი კითხვა. სწორედ ამიტომ, ჩემი მოთხოვნით ყველა კვალი, თუ რა გზით შემოვიდა მანქანა, ნიმუშები ავიღეთ, მერე რომ არ მომხდარიყო განადგურება“, – განაცხადა ადვოკატმა.