თამარ ბაჩალიაშვილის დედა - წერილი სავარაუდოდ „იმათ“ დააწერინეს, ჩემი შვილი მიხვდებოდა, რამე რომ მომხდარიყო, ისედაც გამოვიყენებდით ამ თანხას, დაწერა რად უნდოდა
გენერალური პროკურორისგან მივიღე დაპირება, რომ ფედერალური ბიურო იქნება ყველა ექსპერტიზაში ჩართული და ასევე მარტო თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი მან რატომღაც, ზედმეტად მიიჩნია, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ყველა ვერსია უნდა განვიხილოთ და ყველა ვერსია უნდა გადავამოწმოთო. ჩაინიშნეს ყველა კითხვა და გაეცემა პასუხი ჩვენი ზედამხედველობის ქვეშო. ვუთხარით, რომ არ ვენდობით გუშინდელ ინფორმაციას, რაც გავრცელდა. არ მოეწონა პროკურორს ესეთი ფორმით შსს მიერ გავრცელებული განცხადება, შევატყვე, რომ არ მოეწონა.
რადგან შეგხვდა და პირობა მოგვცა, რომ ხელს არავის დააფარებენ, ამ ეტაპზე ჯერ შევიკავებთ თავს შიმშილობისგან“,- განაცხადა თამაზაშვილმა.
ამასთან, თამაზაშვილი ფიქრობს, რომ წერილი – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, მის შვილს დააწერინეს.
„წერილი სავარაუდოდ იმათ დააწერინეს. ეს მზაკვრულად იყო ყველაფერი დაგეგმილი არა ერთ დღეში, არამედ თვეების მანძილზე იგეგმებოდა. გამოკვლეული იყო ისიც, ჰქონდა თუ არა თანხა ანგარიშზე. სავარაუდოდ დააწერინეს, გამოიყენეთ თანხაო. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანია, მიხვდებოდა, რამე რომ მომხდარიყო, ისედაც გამოვიყენებდით ამ თანხას, დაწერა რად უნდოდა ამას? ეს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ თვითმკვლელობის ვერსია გამართლებულიყო. მე ვიცი, რომ ის თანხას აგროვებდა, უნდოდა საზღვარგარეთ წასვლა. იცოდა, ამის შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონდა“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მიიღო ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები და ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.