ტაიმაუტი | თუ ვინმეა ძიუდოში, ჯერ ჩვენ ვართ და მერე სხვები - ინტერვიუ ლაშა გუჯეჯიანთან [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის შთამბეჭდავი ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა. ამის შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი უკვე გაიმართა, ერთი პარიზში ახლა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების უდიდესი ნაწილი ისვენებს, ქართული ძიუდოს ისტორიის გადაწერა მაინც გრძელდება. ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი წარმოუდგენელი შედეგია. ამ ნაკრების წევრთა უმრავლესობა „პროექტი 2020-ის“ ნაწილია, რომელშიც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პირადად იყო ჩართული.

ლაშა გუჯეჯიანმა „ტაიმაუტთან“ ვრცელ ინტერვიუში ნაკრებში არსებულ კონკურენციაზე, წონით კატეგორიებში მომხდარ ცვლილებებზე, ვარლამ ლიპარტელიანის მომავალსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

 

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი  

მსოფლიოს ჩემპიონატი შთამბეჭდავი შედეგით დასრულდა, ოთხი ოქროს მედალი შთამბეჭდავი შედეგია. აქამდე ასეთი შედეგი არ გვქონია, პლუს ერთი ბრინჯაო – მეხუთე მედალი. აქამდე მაქსიმუმ ორი ოქროს მედალი აგვიღია და ოთხი ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალი რეკორდია. მივესალმები, რა თქმა უნდა და ამაყი ვარ, რომ ასეთი თაობათა ცვლა მოდის. ამას ყველაფერს ჩემთვის დამატებითი ემოციები და განცდები მოაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული წილი ბიჭების, ნაწილია „პროექტი 2020-ის“. ისინი უკვე ჩართულები არიან „პროექტ 2024-ში“ და ამ პროექტმა უკვე გამოაჩინა თავისი რეალური სახე, რომელიც იმედის მომცემი და მომავალი ქართული ძიუდოს საფუძველია. მე მთლიანად ამ გუნდს ვუსურვებ წარმატებას. რაც შეეხება ამ გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას, მართლაც შთამბეჭდავი იყო.

 

არიან პირველი ნომრების რეალური კონკურენტები?

რა თქმა უნდა, მხედველობის არეალში უნდა ჰყავდეს ყველა სპორტსმენს, რომელიც დღეს ქმნის ქართულ ძიუდოს და საქართველოს ძიუდოს ნაკრებში ირიცხება. ეს ახალგაზრდა სპორტსმენები ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა არიან. ეს იქნება დღეს, ხვალ თუ რაღაც პერიოდის შემდეგ, ამ ბიჭებმა ისეთი განაცხადი გააკეთეს, რომ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ეროვნული ნაკრების რეალური პრეტენდენტები. დანარჩენი გზა და გზა გამოჩნდება.

 

მინიმუმ მომდევნო სამი წელი თბილისში „გრანდ სლემი“ ​ჩატარდება

რაც შეეხება „გრანდ სლემს“, რაც უფრო მეტ მაღალი რანგის ტურნირს და ღონისძიებას ვუმასპინძლებთ საქართველოში, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული ძიუდოს პრესტიჟია. ამ რანგის შეჯიბრებაზე სადაც გვიწევდა ჩვენ საზღვარგარეთ წასვლა, ახლა დაზოგილი თანხები და ნაკრებისთვის მეტი შესაძლებლობა გვრჩება. გამოსაცდელი სპორტსმენებისთვის გამოცდილების ნაწილში შეიძლება ეს გამოვიყენოთ… ერთი სიტყვით არსად, არცერთი მიმართულებით უარყოფითი მხარე „გრანდ სლემს“ არ აქვს. პირიქით, ეს არის ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია ქართული ძიუდოსთვის და რა თქმა უნდა, თუ ოდესმე ჩვენ ​მასტერსს, ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, მისასალმებელია და რეალურად ქართული ძიუდო ამ ყველაფერს იმსახურებს.

 

თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება განიხილება

რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მსოფლიო ძიუდოს ფედერაციის მხრიდან არის მზაობა. აქ არის უბრალოდ ტექნიკური და ის ფინანსური მხარეები მოსაგვარებელი, რომელიც საჭიროა მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ხელისუფლება დაგვიდგება გვერდში და იმ ღირსეულ ღონისძიებას, რომელიც ეკუთვნის და ძალიან დაამშვენებს ქართულ ძიუდოს თბილისი უმასპინძლებს. ძალიან სასიხარულო და საამაყო ფაქტი იქნება ეს. ამისთვის მიდის მუშაობა. მსოფლიოს ფედერაციიდან, ვიმეორებ, არის მზაობა და ამ ტექნიკურ მხარეს როგორ მოვაგვარებთ, როგორ დავალაგებთ და შევჯერდებით, ეს უკვე დროის ამბავია და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს მივაღწევთ. პარიზის ოლიმპიადამდე ნაკლები შანსია, მაგრამ ოლიმპიადის შემდეგ ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში უნდა ჩატარდეს.

 

ცვლილებები წონით კატეგორიებში

რაც შეეხება წონების ცვლილებებს, ერთადერთი ლუკა მაისურაძეა, რომელმაც წონა შეიცვალა და 81-იდან 90-ში ავიდა. ჩემთვის გასაგებია და მისასალმებელია ეს გადაწყვეტილება. ერთობლივად მოხერხდა ამ აზრამდე მისვლა.

 

მზადების გეგმა

იქიდან გამომდინარე, რომ ოთხიანის მაგივრად ხუთწლიანი ციკლი გამოგვივიდა, გუნდი აუცილებლად ამოსასუნთქი და დასასვენებელია. ზუსტად ამ ეტაპზე ვიმყოფებით დღეს. გუნდი ისვენებს ნაკრების მწვრთნელებისგანაც. რა თქმა უნდა, გვაქვს მითითებები, ვიკრიბებით ხან ერთ, ხან მეორე დარბაზში, მივდივართ იმისთვის, რომ გავაკონტროლო ვინ სად, როგორ, რა დონეზე ვარჯიშობს, მოდუნების საშუალება არ აქვთ. მაგრამ ის რომ ნაკრების „ქვეშ“ ივარჯიშონ და საწვრთნელი ეტაპი დავიწყოთ – არა. ვფიქრობ, რომ მონატრებამდე უნდა მივიდეთ და გვაქვს ჩვენ ამის საშუალება. ორწელიწადნახევარი არის დარჩენილი ოლიმპიურ თამაშებამდე. ვფიქრობ, რომ დაღლილი გუნდით ვერაფერს ვიზამ და მინდა დასვენებულ გუნდს დავაწყებინო პარიზისთვის ბრძოლა. ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი მომავალ ოლიმპიურ თამაშებამდე. ჩვენ 19-20-21 ნოემბერს გვექნება საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ჩამოყალიბდება ახალი ნაკრები და ნოემბრიდან ჩვენ კონკრეტულად პარიზისთვის მზადებას ვიწყებთ.

 

ვარლამ ლიპარტელიანი

ჩვენდა სასიხარულოდ ვარლამ ლიპარტელიანი, თითქმის ყოველდღე ძიუდოს აკადემიაშია. ის ერთობა ძიუდოთი, იღებს სიამოვნებას და მე იმედს ვიტოვებ, რომ მე პირადად და ქართველი გულშემატკივარი მას ტატამზე ვნახავთ. ვფიქრობ, რომ ვარლამს ამის ძალა შესწევს და აუცილებლად გააკეთებს.

 

2021

აქამდე ხორვატიაში „გრან პრი“ იყო, ახლა „გრანდ სლემია“ პარიზში, ბაქოშია კიდე გასამართი და მერე დოჰა. ჩვენ ამ ღონისძიებებს მარტო ოლიმპიური ნაკრებისთვის ვიყენებთ. იმათთვისაც, ვისაც საშეჯიბრო მდგომარეობის გარკვევა უნდა. ფიზიკური მდგომარეობის, სურვილის და მიხედვით მივდივართ კონკრეტულ შეჯიბრებაზე. ერთი კი არის – ტატო გრიგალაშვილს აქვს შანსი, მთლიანად ძიუდოს რეიტინგში პირველობისთვის იბრძვის. იმედს ვიტოვებ, რომ ის გაართმევს ამას თავს და ამისთვის არის ხელშეწყობა.

 

ლაშა ბექაური

ბექაურში ცვლილებას ვხედავ იმას, რომ ის არის ოლიმპიური ჩემპიონი. მას აქვს ეტაპი და დრო იმისთვის მიცემული, რომ გაანალიზოს და ის მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს და რეალობა აღიქვას, რა რეალობაშიც მოხვდა ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ. მასთან საუბრისას მაქვს იმის იმედი და ის განცდა, რომ აუცილებლად იბრძოლებს და იშრომებს. ის, რომ ტონუსში იყოს, ამ ეტაპისთვის ბექაური უკვე ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ბაქოს „გრანდ სლემზე“ მონაწილეობას მიიღებს.

 

ოლიმპიური გუნდი

სურვილის დონეზე ყველაფერი განიხილება, პრაქტიკულ ნაწილზე ჯერ არ ვართ გადასული, იქიდან გამომდინარე, რომ ლეგიონერების შემოყვანა და ასი ვიღაცის საქართველოში მოწვევა არის სირთულეებთან დაკავშირებული. ქვეყნები არ აძლევენ საშუალებას თავიანთ გაზრდილ სპორტსმენებს, რომ ასე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ. უკეთეს შემთხვევაში ორწლიანი, ჩვეულებრივ შემთხვევაში სამწლიანი დისკვალიფიკაციაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დრო არ გვყოფნის, ლიცენზია გასაკეთებელია და სპორტსმენი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში გაჩერებულია, ოლიმპიურ თამაშებზე იმედის მომცემი აღარ არის. სირთულეებთანაც ამიტომ არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ქალთა ძიუდოს მიმართ, რომელიც არის საქართველოში, ხელის შეწყობაც არის მაქსიმალურად. ჩვენ რომ „დავიქოქებით“ და დაიწყება ის მზადების პროცესი და სრულ მზადყოფნაში მოვალთ, ქალთა ძიუდოსაც გავუზიარებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ენერგიას, გამოცდილებას და ცოდნას. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ძიუდოს თავის სამწვრთნელო შტაბი ჰყავს გია თენაძის სახით, ხედვებს ერთმანეთს ვუზიარებთ. იმიტომ, რომ საერთო ინტერესია და ჩვენი გამოცდილება თუ რამეში გამოადგება წინსვლისთვის ქალთა ძიუდოს, თავს არ დავზოგავთ. იმ შრომის დაფასება რაღაც ნაწილში გვაკლდება, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ვერ ვიღებთ გუნდურში მონაწილეობას. რაღაც სინანულის გრძნობას, დაუკმაყოფლებლობას და ძალიან ბევრ ნეგატიურს იწვევს ეს ჩემში. რატო არა?! რატო არ უნდა ვიყოთ ჩვენ, როცა პრეტენზია გვაქვს, რომ თუ ვინმეა ძიუდოში, ჯერ ჩვენ ვართ და მერე სხვები!