დღეს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იწყება – გახსნის ცერემონიალის პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
დღეს, 2 ივნისს ბათუმში მასშტაბური სპორტული ღონისძიება, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დაიწყება – გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ბათუმის სტადიონზე 22:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება. მასში საქართველოს 12 რეგიონის 1200-მდე სპორტმენი მონაწილეობს.
ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე 14-დან 17 წლამდე ასაკის სპორტსმენები ერთმანეთს 3X3 კალათბურთში, ბადმინტონში, თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ, ქართულ და ქვიშის ჭიდაობაში, ძიუდოში, კრივში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ტაეკვონდოში, მინიფეხბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, ცურვასა და ხელბურთში შეეჯბრებიან.
ფესტივალზე 637 მედალი გათამაშდება – 198 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 241 ბრინჯაო. ფესტივალის პროგრამაში შემავალი სახეობებიდან ექვსში 2-2 ბრინჯაოს მედალი გაიცემა.