ძიუდო | ლაშა გუჯეჯიანი - პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ევროპის ჩემპიონატს სახლში ვატარებთ #1TVSPORT
თბილისი 16-19 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ლაშა გუჯეჯიანთან ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) ინტერვიუ ჩაწერა. გუჯეჯიანმა მოახლოებულ კონტინენტის პირველობასა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
სტატიის ავტორი წერს, რომ ქართულ ძიუდოს რაღაც განსაკუთრებული აქვს, ის მთის ქარიშხალს ჰგავს – არაპროგნოზირებადია, ძლიერია და, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მისი იგნორირება. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკა ან ტრადიცია – ეს არის პულსი, რომელიც მთელ ერს ახასიათებს. ამ პულსის ცენტრში კი, როდესაც თბილისი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ხმაურიანი ორკესტრის მშვიდ დირიჟორად წარმოგვიდგება.
ლაშა გუჯეჯიანი: „მე ქართული სტილის განვითარებას ძიუდოს სიყვარულითა და ერთგულებით ვახერხებ. ეს ნაკლებად არის გეგმა და უფრო ცოცხალი ენაა, რომელიც მემკვიდრეობით გადმოდის, იხვეწება და თავისუფლად გამოიხატება ტატამზე. ქართული ძიუდო დროთა განმავლობაში იჭედება, როგორც ფოლადი ცეცხლში“.
17 წლის შემდეგ თბილისს ევროპის ჩემპიონატი უბრუნდება და ამას თან ახლავს მოლოდინი, რომელიც ჰაერში დამუხტულ ელექტროენერგიას ჰგავს. შეიძლება, ზოგისთვის ეს ზეწოლად აღიქმებოდეს, თუმცა გუჯეჯიანისთვის ეს უბრალოდ გარემოს ნაწილია, – წერს ავტორი.
ლაშა გუჯეჯიანი: „რამდენად კარგად ვახერხებთ სიამაყისა და ზეწოლის დაბალანსებას, ეს შეჯიბრის შემდეგ გამოჩნდება. საშინაო ევროპის ჩემპიონატი არის როგორც გამოწვევა და ზეწოლა, ისე მოტივაციაც, თუმცა ჩვენნაირი გუნდისთვის ასეთი გამოწვევების მიღება რთული არ უნდა იყოს.
მთავარი აქცენტი გუნდის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ჩემპიონატზე ყველა წამყვანი ძიუდოისტის გამოსვლაზე გაკეთდება. პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ევროპის ჩემპიონატს სახლში ვატარებთ. მომზადების პროცესი გუნდისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ძირითადი გუნდის სპორტსმენებს ტურნირებისგან დასვენების საშუალება მივეცი. ოლიმპიური საკვალიფიკაციო ციკლი წელს იწყება, ხოლო წლის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატიც გველოდება, კონტინენტის პირველობას კი ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგებით.
ჩვენი მთავარი აქცენტი ოლიმპიური საკვალიფიკაციო რეიტინგის გაუმჯობესებასა და ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლაზეა გაკეთებული. მოახლოებულ პირველობაზეც ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს.
შიდა მეტოქეობას გულწრფელად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ვუდგები.
თბილისის ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. მჯერა, რომ ეს, შესაძლოა, გადამწყვეტიც კი იყოს“, – ამბობს გუჯეჯიანი.