ტაილანდის მღვიმიდან პირველად იმ ბავშვებს გამოიყვანენ, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც ყველაზე უკეთესია
ტაილანდში, სადაც მღვიმიდან 12 ბავშვის და მათი მწვრთნელის გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს, წვიმა შეწყდა. ამის შესახებ ადგილზე მყოფი ჟურნალისტები იუწყებიან. პარალელურად ტაილანდის ხელისუფლებამ ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალები გაავრცელა.
როგორც მედიაცენტრში განაცხადეს, 13 უცხოელი მყვინთავი მღვიმეში ტაილანდის დროით, დილის 10 საათზე შევიდა. 10 მათგანი იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ბავშვები იმყოფებიან. კიდევ სამი მყვინთავი ტაილანდის დროით მათ 14:00 საათზე შეუერთდა.
როგორც საგანგებო შტაბში ამბობენ, ადგილზე იმყოფებიან დამატებითი ძალებიც. მათ შორის მყვინთავები ტაილანდიდან, აშშ-იდან, ავსტრალიიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
როგორც მედიასთან საუბრისას ტაილანდში მიმდინარე ოპერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, პირველ ეტაპზე გარეთ იმ ბავშვებს გამოიყვანენ, რომელთა ფიზიკური მდგომაროება ყველაზე მეტად დამაკმაყოფილებელია. მთავრობა ვერ აკონკრეტებს, რამდენი ბავშვის გამოყვანა მოხდება პირველ ეტაპზე.
შეგახსენებთ, ტაილანდის მღვიმეში 12 ფეხბურთელი ბავშვი და მათი მწვრთნელი 23 ივნისს შევიდნენ და გამოსვლა ვეღარ შეძლეს.