ეგზომთვარე, ანუ ეგზოპლანეტის ბუნებრივი თანამგზავრი ამ დრომდე დაზუსტებით აღმოჩენილი არ არის. თუმცა, თუ ასეთი მთვარეები მართლაც არსებობს და გარს უვლიან მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტებს, ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა, პასუხისმგებელი იყოს გალაქტიკის ყველაზე უცნაური ვარსკვლავის — ტაბის ვარსკვლავის (KIC 8462852) გამორჩეულობაზე.
ბოლო რამდენიმე წელიწადია, ამ ვარსკვლავის სინათლეში ასტრონომები უეცარ, დიდ ჩაბნელებებს ამჩნევენ, რისი მიზეზიც ამ დრომდე გაურკვეველია. ახალი კვლევის მიხედვით, ამ ჩაბნელებათა მიზეზი შესაძლოა იყოს ეგზომთვარე, რომელიც ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს და თან იშლება.
ასეთი „თავნება“ მთვარე, რომელსაც ბოლო დროს პლუნეტა უწოდეს, ჩვენსა და ტაბის ვარსკვლავს შორის, აკრეციის დისკოში უნდა მოძრაობდეს და აქეთ-იქით ისროდეს მტვერსა და კლდოვან ნამსხვრევებს.
ტაბის ვარსკვლავი თეთრ-ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავია (F-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი), აღმოაჩინეს 2015 წელს და მას შემდეგ, ნამდვილ თავსატეხად იქცა. მისი ჩაბნელებები სრულიად შემთხვევითი და ცვალებადია. Მაგალითად, დაფიქსირებულია როგორც 22 პროცენტით, ისე 5 პროცენტით ჩაბნელება.
ასეთი ქცევა გამორიცხავს პლანეტებს; როცა ეგზოპლანეტა თავის ორბიტაზე მოძრაობისას დედავარსკვლავსა და ჩვენს შორის ჩაივლის, მის სინათლეს რეგულარული ინტერვალებით ჩააბნელებს 1 პროცენტზე ნაკლებით.
გარდა ამისა, საარქივო მონაცემებიდან ირკვევა, რომ დროთა განმავლობაში იკლებს ვარსკვლავის ზოგადი სიკაშკაშეც; 1890-დან 1989 წლამდე ის 0,193 ვარსკვლავიერი სიდიდით შემცირდა.
როგორც ბოლო დაკვირვებებმა აჩვენა, სინათლის ზოგიერთი ტალღის სიგრძე სხვებზე მეტად იბლოკება, რაც გამორიცხავს მყარ, გაუმჭვირვალე ობიექტს (მაგალითად, არამიწიერი ცივილიზაციის მეგასტრუქტურას).
ტაბის ვარსკვლავი საკმაოდ ბებერია და მის გარშემო აღარ უნდა იყოს აკრეციის დისკოს რაიმე ნარჩენები; ანალიზებმა გამორიცხა ვარსკვლავთან ზედმეტად ახლოს მოძრავი ან მასში ჩამდინარე მატერიის არსებობა.
ერთ-ერთ ყველაზე საზრიან ახსნად რჩება მტვრის ან კომეტების ჯგუფი, რომელიც სინათლის გარკვეულ ტალღის სიგრძეებს შთანთქავს, მაგრამ ეს სცენარი წარმოუდგენლად დიდი ოდენობით მტვრის ან კომეტების არსებობას მოითხოვს.
საიდან შეიძლება მოსულიყო ამდენი მატერია? კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, მათ პასუხი იპოვეს — დაობლებული ეგზომთვარე, რომელიც დედა პლანეტას გამოექცა და ნელა დნება, ეხვევა მტვრისა და ნამსხვრევების საბურველში და ვარსკვლავის გარშემო ასეთი ღრუბლებით ბრუნავს.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს ბრაიან მეცგერის განცხადებით, ეს ეგზომთვარე ყინულის კომეტის მსგავსად იქცევა — ორთქლდება და სივრცეში ისვრის კლდოვან ნამსხვრევებს.
მისივე თქმით, თანდათანობით ეს მთვარე სრულად აორთქლდება, მაგრამ ამ პროცესს მილიონობით წელი დასჭირდება.
პლუნეტა ჰიპოთეტური ობიექტია, ანუ ეგზომთვარე, რომელიც თავის პლანეტას გამოეყო და ვარკვლავის გარშემ დამოუკიდებლად დაიწყო მოძრაობა. ცოტა ხსნის წინ, მეცნიერებმა დაუშვეს სცენარი, რომლის მიხედვითაც, დედავარსკვლავის მიმართულებით მოძრაობისას, გაზის გიგანტი პლანეტების გარშემო ორბიტიდან ეგზომთვარეები გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად ამოვარდებიან.
ამის შემდეგ, ამ ეგზომთვარეთა გარკვეული ნაწილი ვარსკვლავში უნდა ვარდებოდეს, ნაწილი საერთოდ გაიტყორცნებოდეს ვარსკვლავური სისტემიდან, დაახლოებით ნახევარი კი ვარსკვლავის გარშემო იწყებდეს მოძრაობას. Სწორედ ამ უკანასკნელთ უწოდეს პლუნეტები.
მეცგერის ჯგუფის მოდელის მიხედვით, პლუნეტა შეიძლება ასევე წარმოიქმნას ვარსკვლავთან უერთიერთქმედების გამო ეგზოპლანეტის დანგრევის შედეგად. 90 პროცენტ შემთხვევაში, განადგურდა ეგზომთვარეც, მაგრამ 10 პროცენტ შემთხვევაში გადარჩა და ვარსკვლავის გარშემო მოძრაობა დაიწყო.
თუმცა, როგორც ჯგუფმა გაარკვია, ამ შემთხვევაშიც კი, პლუნეტა საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა ვარსკვლავის გამანადგურებელი რადიაციის მიმართ. ამ რადიაციამ მას უნდა შემოაცალოს გარე ფენები და შედეგად წარმოქმნილი მტვრის ღრუბლები ვარსკვლავის ორბიტაზე გადატყორცნოს. სწორედ ამით აიხსნება წყვეტილი და არარეგულარული ჩაბნელებები.
იმ შემთხვევაში კი, თუ ეს მატერია ნელ-ნელა ვარსკვლავის ორბიტაზე გაიწელება და დაიგრიხება, კარგად აიხსნება გრძელვადიანი ჩაბნელებებიც.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილია ჩაბნელებათა მქონე სხვა ვარსკვლავებიც, ტაბის ვარსკვლავის მსგავსად უცნაური არც ერთი მათგანი არაა. მკვლევართა თქმით, მათ ჰიპოთეზას დაადასტურებს ასეთი ქცევის სხვა ვარსკვლავის აღმოჩენა.
როგორც მეცგერი აღნიშნავს, ჯერ არ გვაქვს მზის სისტემის მიღმა მთვარეების არსებობის მტკიცებულება, მაგრამ სამყაროში ნამდვილად არ უნდა იყოს იშვიათი შემთხვევები, როცა ვარსკვლავი თავის პლანეტას მთვარეს წყვეტს.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია columbia.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.