შორეულ პლანეტასთან ასტრონომებმა ვულკანურად აქტიური ეგზომთვარის ნიშნები დააფიქსირეს
შორეულ პლანეტასთან ასტრონომებმა ვულკანურად აქტიური ეგზომთვარის ნიშნები დააფიქსირეს

მზის სისტემაში არსებული მრავალი მთვარიდან გამომდინარე, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ სამყაროში იმაზე მეტი ეგზომთვარე, ანუ მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტათა მთვარეა, ვიდრე თავად ეგზოპლანეტები. ჯერ არც ერთი მათგანი არ აღმოგვიჩენია, მაგრამ ასტრონომებმა იპოვეს სიგნალი, რომელიც სწორედ ეგზომთვარის არსებობაზე მიუთითებს.

მკვლევართა აზრით, ეს ეგზომთვარე იუპიტერის ბუნებრივ თანამგზვავრს, იოს ჰგავს, რომელიც მზის სისტემაში ვულკანურად ყველაზე აქტიური ობიექტია.

თუმცა, ამ ეგზომთვარეს იოზე გაცილებით ჯოჯოხეთური გარემო უნდა ჰქონდეს. ის სავარაუდოდ დაფარულია ვულკანური ლავით და გარს უვლის ცხელ პლანეტა WASP-49b-ს. ეს პლანეტა გაზის გიგანტია და მიეკუთვნება ცხელი იუპიტერის კლასს. თავის მხრივ, ეს პლანეტა ყოველ 2,8 დღეში ერთხელ გარს უვლის ყვითელ ჯუჯა ვარსკვლავ WASP-49-ს.

ბერნის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს აპურვა ოზას განცხადებით, ის უნდა იყოს ფრიად სახიფათო ვულკანური ობიექტი, ლავით დაფარული მდნარი ზედაპირით, ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი სუპერდადამიწის ტიპის პლანეტა 55 კიბო-e-ს მსგავსი, მაგრამ მთვარე.

მკვლევართა ჯგუფს ეგზომთვარე პირდაპირ არ აღმოუჩენია. მისი არსებობის შესახებ ეჭვი თავად პლანეტის მონაცემების კვლევისას გაუჩნდათ, ატმოსფეროს ზედა ნაწილში არსებული ნივთიერებებიდან გამომდინარე.

პლანეტა WASP-49b 2017 წელს აღმოაჩინეს. მის ღრუბლებში, უჩვეულოდ მაღლა, მკვლევრებმა ნატრიუმის სქელი ფენა შენიშნეს. სწორედ ეს ფენა შეისწავლა ოზას ჯგუფმა დეტალურად.

მისი თქმით, ნეიტრალური ნატრიუმის გაზი პლანეტისგან იმდენად შორსაა, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ის მხოლოდ პლანეტური ქარის მიერ იყოს წარმოქმნილი.

იუპიტერის მთვარე იოზე დაკვირვებებზე დაყრდნობით ვიცით, რომ მასზე მიმდინარე ვულკანური აქტივობა წარმოქმნის საკმაოდ დიდი ოდენობით კალიუმსა და ნატრიუმს. მათი უდიდესი ნაწილი იუპიტერის კომპლექსურ მაგნიტოსფეროში გაიტყორცნება და პლანეტის გარშემო გარკვეულ კვალს (ტორუსს) ტოვებს.

ასევე ცნობილია, რომ იოს ელიფსური ორბიტის გამო მასა და იუპიტერს შორის მიმდინარე ინტენსიური გრავიტაციული ურთიერთქმედების გარეშე, რაც იოზე ხახუნსა და სიცხეს წარმოქმნის — ეს მთვარე ვულკანურად აქტიური ვერ იქნებოდა.

2006 წელს, მკვლევართა სხვა ჯგუფმა დაადგინა, რომ პლანეტის გარშემო მატერიის ტორუსის არსებობა მთვარეზე ან მის გარშემო მოძრავ რაიმე ობიექტზე უნდა მიუთითებდეს.

გათვლებზე დაყრდნობით, ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ვულკანურად აქტიური ეგზომთვარე სინამდვილეში უფრო მეტ კალიუმსა და ნატრიუმს უნდა გამოყოფდეს, ვიდრე თავად მისი დედაპლანეტა.

ოზას ჯგუფმა დაასკვნა, რომ WASP-49b-ის გარშემო ამ ოდენობის კალიუმისა და ნატრიუმის არსებობა, თანაც ასე უცნაურ სიმაღლეზე, ვულკანურად აქტიური მთვარის დამსახურება უნდა იყოს. თუმცა, არის კიდევ ერთი შესაძლო ახსნა, მაგალითად, იონიზებული გაზების სარტყელი.

საბოლოო პასუხის მისაღებად საჭიროა დამატებითი დეტალური დაკვირვებები პლანეტის სპექტრზე. ამჟამად, კალიუმისა და ნატრიუმის ხაზები სპექტრში საკმაოდ ძლიერია. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უფრო ახლო დაკვირვებების შედეგად, პლანეტის ატმოსფეროში იპოვიან სხვა ვულკანურ აქროლადთა კვალსაც, მაგალითად გოგირდსა და ჟანგბადს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს დეტალურად შეისწავლის ნასას შემდეგი თაობის კოსმოსური ტელესკოპი ჯეიმს ვები, რომელიც 2021 წელს გაეშვება.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება, მანამდე კი ხელმისაწვდომია სერვერ arXiv-ზე.

მომზადებულია unibe.ch-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.