სპეცოპერაციისას დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა ადვოკატ ირმა ჭკადუასთან ერთად პროკურატურაში გამომძიებელს ხვდება
სვანეთში, 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა ადვოკატ ირმა ჭკადუასთან ერთად მთავარ პროკურატურაში გამომძიებელს ხვდება.
უცნობია, მოხერხდება თუ არა შეხვედრაზე აფრასიძეების საქმეზე მასალების გაცნობა.
ამასთან, ომეხ აფრასიძის დედამ მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დღეს დაიწყო.
როგორც დოდო აფრასიძემ პირველ არხს განუცხადა, ის მოითხოვს სპეცოპერაციის ორგანიზატორების დასჯას.
„მოვითხოვ საქმის მასალების გაცნობას, ჩვენ ვართ დაზარალებულები, ჩემი მოთხოვნაა დაისაჯონ ამ საქმის ჩამდენები. მათ გამინადგურეს და ამიოხრეს ოჯახი, ქმარ-შვილი მომიკლეს და ორი ბიჭი დამიჭირეს, ერთი შვილი ხელ-ფეხშეკრული დამიხვრიტეს, მეუღლე ცოცხლად დამიწვეს, გადამიწვეს სახლ-კარიც.
სპეცოპერაციის დროს სახლში იყო მცირეწლოვანი ბავშვი. სპეცოპერაციამდე არც გაგვაფრთხილეს, პირდაპირ მოვიდნენ და დაგვიბომბეს. მოვითხოვ, დასაჯონ დამნაშავები და ამინაზღაურონ ზარალი.
სხვა გზა არ დამიტოვეს და ამიტომ დავიწყე შიმშილობა. მოვითხოვ, შემხვდეს მთავარი პროკურორი და შემხვდეს ბატონი კვირიკაშვილი“,-აცხადებს დოდო აფრასიძე.
ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრებს გამოძიების ფარგლებში ექსჰუმაცია ჩაუტარდა. როგორც ადვოკატმა პირველ არხს უთხრა, ექსპერტიზის დასკვნები უკვე მზადაა.
„ექვსი წლის განმავლობაში ქალბატონი დოდო იჯდა კუთხეში და მშვიდად ელოდებოდა როდის დაიწყებოდა მათი ოჯახის განადგურების საქმის გამოძიება. ალბათ, მთელ მსოფლიოს ისტორიაში პირველი საქმეა, როცა ასე მოექცნენ ერთ ოჯახს და მათ მიმართ სახელმწიფომ სამხედრო სპეცოპერაცია ჩაუტარა ერთ ოჯახს, ყველამ ვიცით რა ფორმით. გარდაიცვალნენ ადამიანები. ძალიან სამწუხაროა, რომ მისი მოთხოვნები შოთაძესთან და კვირიკაშვილთან შეხვედრის თაობაზე იციან ადრესატებმა, მაგრამ მას არავინ გამოეხმაურა“,- განაცხადა ჭკადუამ.