გიორგი აფრასიძე - ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე მივიღეთ პირობა, რომ ჩვენს საქმეზე უმოკლეს ვადაში დადგება სამართლებრივი შედეგი
გიორგი აფრასიძე - ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე მივიღეთ პირობა, რომ ჩვენს საქმეზე უმოკლეს ვადაში დადგება სამართლებრივი შედეგი

2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის შვილი გიორგი აფრასიძე აცხადებს, რომ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე მიიღეს პირობა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე უმოკლეს ვადაში დადგება სამართლებრივი შედეგი.

როგორც გიორგი აფრასიძემ განაცხადა, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ხელბორკილდადებული ოჯახის წევრები დაუხვრიტეს.

„სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო კონკრეტულად ბარამიძე და სააკაშვილი. პირველ რიგში, ეგენი არიან ამ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელნი. სააკაშვილმა თავადაც ბრძანა, რომ მე ვიყავი სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელიო, მე გავეცი ბრძანებაო“, – განაცხადა გიორგი აფრასიძემ.

სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ.

2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა.

სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს.

დატოვე კომენტარი