სვანეთში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და საქმის პროკურორებს ხვდება
სვანეთში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და საქმის პროკურორებს ხვდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სვანეთში 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედასთან, დოდო აფრასიძესთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, დოდო აფრასიძე, აფრასიძეების საქმის ადვოკატი ირმა ჭკადუა და საქმის პროკურორები ესწრებიან, რომელიც ადმინისტრაციაში მოგვიანებით მივიდნენ.

შეხვედრა დოდო აფრასიძის მოთხოვნით, მისი შვილისა და მეუღლის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იმართება. მან დღეს საქმის უშედეგო გამოძიების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე წერილი შეიტანა.

დოდო აფრასიძის სურვილია, მამუკა ბახტაძემ პირად კონტროლზე აიყვანოს აფრასიძეების საქმე, ვინაიდან მისი თქმით, დამნაშავეების გამოვლენა 15 წლის შემდეგაც ვერ მოხდა. გარდა ამისა, დოდო აფრასიძის განცხადებით, გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 2019 წლის 24 მარტს ამოიწურა და ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, გრძელდება თუ არა გამოძიება.

აფრასიძეების ოჯახის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ გუშინ განაცხადა, რომ დოდო აფრასიძე შიმშილობის დაწყებას აპირებს. მისი თქმით,  დოდო აფრასიძე პროკურატურამ შეცდომაში შეიყვანა, თითქოს აფრასიძეების საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანას უახლოეს პერიოდში აპირებდა, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.

ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, მოცემული ეტაპისთვის აფრასიძეების საქმეზე არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და გამოძიება გრძელდება.

2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.