გენერალური პროკურატურა - აფრასიძეების საქმეზე ჯერ არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და გამოძიება გრძელდება
გენერალური პროკურატურა - აფრასიძეების საქმეზე ჯერ არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და გამოძიება გრძელდება

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, მოცემული ეტაპისთვის აფრასიძეების საქმეზე არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და გამოძიება გრძელდება.

ასე გამოეხმაურა საგამოძიებო უწყება სვანეთში, 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედის, დოდო აფრასიძის განცხადებას, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობის დაწყებას აპირებს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დეტალების შესახებ, ინფორმირებულია დაზარალებული მხარე.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, დადგება თუ არა აღნიშნულ საქმეზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

„2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში, აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას, მათი ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაიკითხა შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის 80-მდე წევრი, ასევე სოფელ ეცერში მცხოვრები 50-მდე პირი. ამასთან, ჩატარდა სამედიცინო, ბალისტიკური, კრიმინალისტიკური, ბიოლოგიური, „დნმ“-ის და ტრასოლოგიური ექსპერტიზები. განხორციელდა სპეცოპერაციისას მოკლული პირის ექსჰუმაცია და ჩატარდა შესაბამისი კვლევები. დათვალიერდა სპეცოპერაციაში მონაწილე ვერტმფრენი. სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებულ იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნები და დოკუმენტები.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, დაზარალებულად ცნობილ იქნა აფრასიძეების ოჯახის ორი წევრი და მინიჭებული პროცესუალური სტატუსიდან გამომდინარე, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საქმის მასალებს.

გარდა ამისა, საგამოძიებო უწყება დაზარალებულ მხარესთან ინარჩუნებს მუდმივ კომუნიკაციას, საქმის გამომძიებელი და პროკურორი არაერთხელ შეხვდნენ მათ გენერალურ პროკურატურაში და მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების თაობაზე“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.