სუს-ი - საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი
სუს-ი - საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი

საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტი წარმოადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

სუს-ის ანგარიშში წერია, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული ოკუპაციის ანექსიური პროცესებით ჩანაცვლების პოლიტიკა, ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, თანამედროვე მძიმე შეიარაღების კომპონენტების, მათ შორის, შეტევითი სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია და ინტენსიური სამხედრო წვრთნები, ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაციის პროცესი.

„საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები კვლავ აქცენტირებული იყო არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარების მიმართულებით. რუსეთის ფედერაცია მეთოდურად განაგრძობდა ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტის ეტაპობრივად გაუქმების პოლიტიკას. ოფიციალური მოსკოვის სტრატეგიული მიზნის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თითქმის სრულად კონტროლდებოდა როგორც დე ფაქტო უწყებების ე.წ. ფუნქციები (ე.წ. საზღვრის დაცვა, ე.წ. საბაჟო სინქრონიზაცია, „სამართალდამცავი უწყებების“ ფუნქციონირება, ე.წ. თავდაცვის უწყების მუშაობა), ასევე, ზოგადად, სამხედრო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე ყველა პროცესი“,- აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში წერია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ყველა „პოლიტიკური პარტია“ თუ „გაერთიანება“ არის პრორუსული, შესაბამისად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.

„ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაცია ტრადიციულად აქტიურად იყენებს ადგილზე არსებულ „პოლიტიკურ და ეკონომიკურ“ არასტაბილურობას, რაც, ხშირ შემთხვევებში, მის მიერვეა ინსპირირებული და დე ფაქტო რეჟიმს მოსკოვისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, მოქმედი დე ფაქტო რეჟიმი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას.

ანექსიური პოლიტიკის პრიზმაშია განსახილველი ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში 4,8 მილიარდი რუსული რუბლი (74,4 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც ე.წ. ბიუჯეტის 47%-ს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, რუსეთის ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა 7,5 მილიარდი რუსული რუბლი (115 მილიონი აშშ დოლარი), რაც „ბიუჯეტის“ 85,2 %-ია.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება წარმოადგენს ხელსაყრელ გარემოს უკანონო ფინანსური ოპერაციების წარმოებისათვის. ამ კონტექსტში ნიშანდობლივია ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საბანკო ოპერატორების უკანონო საქმიანობა, რაც, მაღალი ალბათობით, გამოიყენებოდა უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის. ასევე, ხაზგასასმელია დე ფაქტო ლიდერების ხშირი ვიზიტები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და „ურთიერთდახმარების“ მიზნით დაწყებული თანამშრომლობა, მათ შორის ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში“,- აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დატოვე კომენტარი